მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა
სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესია დიდი ზეიმით აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ის სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან მეოთხეა და უძველესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს შორის.
გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ქალწული იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა იოანე ღვთისმეტყველის მეურვეობის ქვეშ. 12 წლის განმავლობაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრის აკლდამაში დადიოდა და ლოცულობდა. ერთხელ ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო, ეს სასიხარულო ამბავი აცნობა ნათესავებსა და სხვა ქრისტიანებს, უთხრა მათ, რომ დაეკრძალათ იგი გეთსიმანიის ხევში. ყოვლადწმინდა ქალწულის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს ეკლესია აღნიშნავს „მიძინება“ სიტყვით და არა „სიკვდილით“, რათა გასაგები გახადოს მისი ზეცად ამაღლება. ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინების დღესასწაულზე წმიდა ლიტურგიის შემდეგ სრულდება ყურძნის კურთხევის ცერემონია. იკურთხება ასევე მთელი წლის მოსავალი და ჭირნახული. საუკუნეების მანძილზე სომხური ეკლესია ღრმა პატივისცემას გამოხატავს ყოვლადწმინდა ქალწულის მიმართ, სომეხი ქალისთვის კი წმიდა ქალწული სათნო, ღვთისმოსავი დედის, ოჯახის სიწმინდის დამცველის განსახიერებაა. აღნიშნის თარიღი17.08.2008 |