1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ჯვართამაღლება

 

ჯვართამაღლების დღესასწაული სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან უკანასკნელია. ის ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან  ყველაზე მნიშვნელოვანია,    რადგან ეძღვნება ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისა და დიდების ხსენებას. სომხურ   ეკლესიაში ჯვართამაღლებას ზეიმობენ   11 და 17 სექტემბერს    შორის პერიოდში კვირა დღეს. «სურბ ხაჩი“ აღნიშნავს  14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მის  დაბრუნებას სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას   ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი და წმინდა პატრიარქი ზაქარიაც ტყვედ ჩაიგდო. სიწმინდე 14 წელი იმოყოფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, როდესაც იმპერატორმა ჰერაკლემ, ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან - სიროესთან. ცხოველმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიაბრძანებდა სიწმინდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს - უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მან, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმინდე ტაძარში. როგორც ისტორიული მოწმობა, უნდა აღინიშნოს, რომ სომეხ ხალხსაც აქვს თავისი წვლილი  ჯვრის გათავისუფლების საქმეში. იმპერატორს დახმარება აღმოუჩინა  ბერძნული ნაწილის სომხურმა ჯარმაც - მჟეჟ გნუნის ხელმძღვანელობით. იმპერატორი  ჰერაკლე სამი დღე ლოცულობდა,  მეოთხე დღეს მას ხილვა გამოეცხადა, რომ უნდა გაემარჯვა.   მართლაც, ახალ ბრძოლაში ის იმარჯვებს  და  ათავისუფლებს უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს. ჯვარს სპარსეთიდან   გადმოაბრძანებენ სომხეთის ქალაქ კარინში,   ამიტომაც სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მთების მაღალ მწვერვალს ცხოველმყოფელი “ხაჩაფაიტი” (ჯვარი-ძელი) ეწოდება. სპარსელები ცდილობენ ჯვრის დაბრუნებას, მაგრამ სომხები მათ აიძულებენ უკან დახევას და როდესაც ბრუნდებიან, ხედავენ, რომ იქ, სადაც ჯვარი იდგა, ანკარა წყარო მოედინება. წმინდა ჯვარი კარინიდან კონსტანტინეპოლში გადააქვთ, შემდეგ - იერუსალიმში.  
 
ჯვართამაღლების საიდუმლო

სიტყვა „ხაჩვერაც“ ჯვრის ამაღლებას ნიშნავს. ხაჩვერაცს აქვს ქრისტეს ეკლესიის დაუმარცხებლობის საიდუმლო. ხალხი ჯვართამაღლებაზე უამრავ ადგილს მოილოცავს. ზოგიერთ დასახლებაში ხალხი თავისი  ხელით ამზადებს ჯვრებს, რთავს ფერადი ყვავილებით, განსაკუთრებით რეჰანით. ხალხს რეჰანი ჯვრის ყვავილად მიაჩნია.
 „ხაჩვერაცი“ ან „სურბ ხაჩი“, შემოდგომის დასაწყისის სიმბოლო, მხიარული დღესასწაულია. დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, ქალები ნამცხვარს აცხობენ, მამაკაცები - თიკანს კლავენ, გოროვის (თონეში შემწვარი ხორცი, ხორბლეულით) ამზადებენ. ხალხური ტრადიციის თანახმად, ეს კერძი ამ დღის განსაკუთრებული კერძია. ჯვართამაღლების მომდევნო დღე მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ეკლესიებში აღევლინება წმინდა წირვა, შემდეგ  - მიცვალებულთა ხსოვნის  პანაშვიდი, რის შემდეგაც სასაფლაოზე გადიან.
სომხურ სამოციქულო ეკლესიას აქვს ჯვრისადმი მიძღვნილი შემდეგი დღესასწაულები:  წმინდა ჯვრის გამოჩენის, ჯვართამაღლების, ვარაგის წმინდა ჯვრის, წმინდა ჯვრის აღმოჩენისა.   ამათგან   ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული წმინდა სომხურია  და აღნიშნავენ მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში, დანარჩენები კი ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში აღინიშნება.

აღნიშნის თარიღი

14.09.2008
13.09.2009
12.09.2010
11.09.2011
16.09.2012
15.09.2013
14.09.2014
13.09.2015
11.09.2016
17.09.2017
16.09.2018
15.09.2019
13.09.2020
12.09.2021
11.09.2022
17.09.2023
15.09.2024
14.09.2025
13.09.2026
12.09.2027
17.09.2028
16.09.2029
15.09.2030