1geo

fb you od

მიიღეს პირველკლასელის მოწმობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

104 

თბილისის 104-ე საჯარო სკოლა (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი) მდიდარი ისტორიისა და ლამაზი ტრადიციების მქონე საქართველოს სომხურ ენაზე სწავლებით ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებაა. მშობლიურ ენაზე განათლების მიცემა და სომხური სულისკვეთებით აღზრდა ამ სკოლის მოღვაწეობის პრიორიტეტია, სკოლის, რომელიც ცნობილია მონასტრის სკოლის საპატიო სახელწოდებით. ამ სკოლაში განათლების მიღება საპატიო და საამაყოა ყველა მოსწავლისთვის.

უკვე ორი წელია, სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, სკოლის დირექციის ხელმძღვანელობით, პირველკლასელთა მოსწრებასა და სამაგალითო ქცევიდან გამომდინარე, მათ ანიჭებს 104-ე სკოლის მოსწავლის სტატუსს.

2015 წლის 3 ნოემბერს, ამ სამაგალითო ტრადიციას მიეძღვნა სკოლაში გამართული ცერემონია, სადაც პირველკლასელებმა შეასრულეს 104-ე სკოლის ჰიმნი, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, ასევე პატარა დადგმებით გამოვიდნენ, რითაც დაიმსახურეს სტუმრების, მასწავლებლების და მშობლების ოვაციები. ბავშვების მიღებულ ცოდნაზე, ჩამოყალიბებულ ქცევაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს კულტურის ატაშე ელინა მკრტიჩიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, სკოლის დირექტორი ირინა ჟამკოჩიანი და სხვები.

ბოლოს კურთხევის და მადლიერების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, სკოლის დირექციას, მშობლებსა და მოსწავლეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის სიყვარული და კურთხევა. არქიმანდრიტმა ხორენმა გამოსვლაში ისაუბრა სომხური სკოლის და სომხური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, კერძოდ კი თქვა: „ ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე ჩვენი მშობლიური ენაა. ჩვენმა მამებმა ჩვენს სიწმინდეებს დაურთეს სიტყვა დედა - დედა წმინდა ეჯმიაწინი, დედა ეკლესია, დედა სამშობლო, დედა არაქსი, დედა ტაძარი და ასევე დედა ენა. ჩვენს ერს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს სომხური ენის მიმართ, რაც უნდა გავიაზროთ და ვიამაყოთ. მამა ხორენმა მოსწავლეებს და მშობლებს მოუწოდა მესროპ მაშტოცის დატოვებული წმინდა მემკვიდრეობის ერთგულებისკენ და სიტყვა დაასრულა ცხონებული კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ პირველის სიტყვებით: „ჩვენი ენა არის გზა მარადისობისკენ, ჩვენი იდენტობის საწინდარია, ჩვენი გადარჩენის ნოეს კიდობანი“.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა პირველკლასელებს გადასცეს მოსწავლის მოწმობა და მოუწოდეს თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლის სახელის პატივითა და სიამაყით ტარებისკენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)