საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში |
2015 წლის 5-6 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საეპისკოპოსოს თანამშრომელთა თანხლებით, ბათუმს ეწვია. თბილისიდან ჩასულ სტუმრებს ადგილობრივ „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან დახვდნენ აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ახლად დაარსებული საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის დირექტორი სონა ჰოვანისიანი, ცენტრის პერსონალთან ერთად. იმავე დღეს გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრისა და დელეგაციის სამუშაო შეხვედრა ეკლესიის სულიერ მწყემსსა და ცენტრის პედაგოგიურ კოლექტივთან. ორი ცენტრის პასუხისმგებლებმა ერთმანეთს გააცნეს მიმდინარე სამუშაოების პროცედურული მხარეები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, განიხილეს ორმხრივი ინტერესის საკითხები, გამოავლინეს თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თაოსნობით, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის ოფიციალურ გახსნაში, რის შემდეგაც „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში დაესწრნენ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის სოლისტის, ირენ ავაკიანის, საქველმოქმედო კონცერტს „ვედრება“, რომელიც მიეძღვნა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს. მომდევნო დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით, ქვემო ქართლის რეგიონის სულიერმა ინსპექტორმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა აღავლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია, წმიდა მამამ იქადაგა ქრისტიანული სწავლების უმთავრეს პრინციპზე - "ღმერთი სიყვარული არს ". საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, შესრულდა პანაშვიდის წესი, რომელიც მიეძღვნა 1988 წლის 7 დეკემბრის გიუმრის, სპიტაკის საშინელი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას. დელეგაციის წევრები, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრში დაესწრნენ სომხური ენის სწავლების გაკვეთილს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა, „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა ცენტრის დირექციას გადასცეს 140 ცალი სხვადასხვა წიგნი და სახელმძღვანელო, რომლებიც საქართველოს სომეხთა ეპარქიას გადმოსცა სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. ახლად დაფუძნებულ ცენტრს გადასცეს საჩუქრები და შემოწირულობები. დელეგაციის წევრები თბილისში დაბრუნდნენ წინამძღვრის ვიზიტისგან მიღებული ნათელი შთაბეჭდილებებით. |