წმინდა შობისა და ნათლისღების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2016 წლის პირველი საუფლო დღესასწაული - ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაული, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა დიდი ზეიმით. 5 იანვრის საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა წინასადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგიის დროს თბილისში, ბათუმში, ჯავახეთის სომხურ ეკლესიებში მქადაგებელმა მღვდლებმა იქადაგეს დღის საიდუმლოს შესახებ. ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიის დამსწრე მორწმუნეებმა ეკლესიაში დანთებული ლამპრებით სახლში წაიღეს წმინდა შობის ხარება და ღვთაებრივი ნათელი. 6 იანვარს დილიდან სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა. სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ყველა ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა. ბათუმის მორწმუნეებით სავსე „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე და აპარატის წარმომადგენელი მაქსიმ დუმბაძე. სტუმრებმა ბათუმელ სომხებს მიულოცეს ქრისტეშობა და ნათლისღება. მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების და ქვემო ქართლის რეგიონის სულიერი მოძღვრის არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის წინამძღოლობით სომხურ თემებში შესრულდა წყალკურთხევის ცერემონიები. საზეიმო განწყობა იყო მორწმუნეებით სავსე თბილისის „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში. „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საზეიმო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრის მოადგილე ბესარიონ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ აგლაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველის მოადგილე კობა ჩოპლიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რუსლან პოღოსიანი, სერგო რატიანი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი იასინ ალიევი, პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწეები, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, მორწმუნეები. საშობაო ლიტურგიას თავის დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა და მისმა მეუღლემ, ესწრებოდნენ ასევე საელჩოს დიპლომატები. საღმრთო ლიტურგიის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გააჟღერა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II- ის საშობაო მიმართვა. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს ეპარქიის წინამძრვრის წინამძღოლობით შესრულდა წყალკურთხევის ცერემონიალი. წირვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მიულოცა შობა-ახალი წელი და მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის წარმომადგენლებს საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებისათვის. წინამძღვარმა მოკლე ისტორიული მიმოხილვით ხაზი გაუსვა იმავე რელიგიისა და კულტურის მატარებელი ხალხების ათასწლეულების ისტორიის მქონე ძმურ ურთიერთობებს, სომხური და ქართული ეკლესიების მეგობრობას. წინამძღვარი მიესალმა მუსლიმური თემის წარმომადგენლის დასწრებას, რაც საქართველოში ტოლერანტობისა და მრავალრელიგიური თანამშრომლობის დემონსტრირებაა. საქართველოს ხელისუფლების სახელით სომეხ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა. იმავე დღეს, "ჰაიარტუნ" ცენტრში გაიმართა სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ორგანიზებული ტრადიციული ქადის ფესტივალი. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საშობაო ზეიმი გაშუქდა სხვადასხვა ქართული მედიასაშუალებით. |