1geo

fb you od

სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC05133 

სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მოძრავი დღესასწაულია. 2016 წელს დღესასწაული აღინიშნა 23 იანვარს. თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუს არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის საპატიო წინამძღოლობით, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიებში ზეიმის აღნიშნვა დაიწყო 22 იანვარს საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, ქრისტიანული რწმენისთვის წამებულ წმინდანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წინასადღესასწაულო ცერემონიალით - „ნახატონაკით“. 23 იანვარს დღესასწაული გაგრძელდა ეკლესიებში საღმრთო ლიტურგიებით და ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას და ახალციხის რაიონის საზელის „სურბ სარგის“ ეკლესიებში მომლოცველობებით.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის განკარგულებით სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიებში შესრულდა ახალგაზრდების კურთხევის წესი.

სურბ სარგისი ასევე სიყვარულის მფარველია. ხალხური ტრადიციის თანახმად, წინასადღესასწაულო ცერემონიალის შემდეგ ახალგაზრდებს დაურიგდათ მარილიანი კვერები, რასაც უკავშირებენ სასიძოს ან საპატარძლოს დასიზმრებას.

თბილისელი სომხები, ტრადიციის თანახმად, სურბ სარგისის დღესასწაულს იწყებენ წმინდანის სახელობის სამლოცველოსკენ მომლოცველობით. 22 იანვარს მომლოცველები შეიკრიბნენ „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების სულიერი მამების წინამძღოლობით, ხატებით და ბაირაღებით, საგალობლების სიმღერით დაიძრნენ ხარფუხის „სურბ სარგის“ სამლოცველოსკენ.

ხალხმრავალი პროცესია, რომელშიც დომინირებდნენ ახალგაზრდები, უძველესი სამლოცველოს ნანგრევებთან ლოცვისა და სანთლების დანთების შემდეგ, გაემართა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრისკენ, სადაც პროცესიას შეუერთდა უამრავი მორწმუნე.

მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში ჩატარდა საღამოს ღვთისმსახურება და წინასადღესასწაულო ცერემონიალი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მირონი სცხო ახალგაზრდა მხატვრების, გაიანესა და როზას, „სურბ ასტვაწაწინ“ და „სურბ სარგის“ ნამუშევრებს, რომლებიც განთავსდება მარნეულის რაიონის შაუმიანის გარემონტებულ ეკლესიაში. ახალგაზრდების კურთხევის წესის შემდეგ, მათ დაურიგდათ მარილიანი კვერები.

23 იანვარს, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მქადაგებელმა მღვდელმა მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა განმარტა დღის საიდუმლო და სურბ სარგისის - ახალგაზრდების მფარველის, კურთხევით ახალგაზრდებს უსურვა ბედნიერება, მორწმუნეებს - ჯანმრთელობა.

იმავე დღეს, მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში აღავლინა საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ არქიმანდრიტმა ხორენმა ეკლესიას გადასცა წინამძღვრის მიერ მირონცხებული სურბ სარგისისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები.

საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამსახურს - თბილისში გზის სავალ ნაწილზე მორწმუნეების მშვიდობიანი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისათვის.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)