რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაბრუნების კუთხით, 2015 წელს საქართველოს მუსლიმ თემს დაუბრუნდა აჭარაში მდებარე 35 მეჩეთი (2014 წლის ჩათვლით დაბრუნებულია სულ 79 მეჩეთი მთელი საქართველოს მასშტაბით), ხოლო საქართველოს ებრაულ თემს - 5 სინაგოგა (2014 წლის ჩათვლით დაბრუნებულია სულ 12 სინაგოგა მთელი საქართველოს მასშტაბით).
2015 წელს ასევე გორში მდებარე შენობა-ნაგებობა გადაეცა საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას. როგორც სააგენტოს ანგარიშშია მოცემული, რელიგიური უმცირესობების ქონებრივი საჭიროები განიხილეს სარეკომენდაციო კომისიის ფარგლებში. მათი ინფორმაციით: „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა ორი შენობა ბათუმში სამუფთო რეზიდენციისა და უმაღლესი მუსლიმური საღვთისმეტყველო სასწავლებლის მოსაწყობად. გაიცა რეკომენდაცია ბათუმში მოქმედი ცენტრალური მეჩეთის - „ორთა ჯამეს“ რესტავრაცია-რეკონსტრუქციისა და გაფართოების შესახებ. გაიცა დადებითი რეკომენდაცია რუსთავში საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიის საკულტო ნაგებობის მშენებლობა-რესტავრაციის შესახებ. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას გადაეცა მიწის ნაკვეთი ბათუმში რელიგიურ - საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის მიზნით. გაიცა დადებითი რეკომენდაცია თბილისში იეზიდთა საკულტო და კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესახებ. გაიცა დადებითი რეკომენდაცია თბილისის სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ქრისტე მაცხოვრის ეკლესიისთვის თბილისში საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესახებ. აჭარაში შესაბამის უწყებებთან განხორციელდა საკონსულტაციო შუამდგომლობა ბათუმში მდებარე საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტთა ქრისტიანული ეკლესიის საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობის დაკანონების მიზნით. თბილისში შესაბამის უწყებებთან განხორციელდა საკონსულტაციო შუამდგლომლობა თბილისში საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიისთვის თბილისში საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით", - ნათქვამია ანგარიში.
|