ფოტო-გამოფენა და სოლო კონცერტი "ჰაიარტუნ" ცენტრში |
2016 წლის 20 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მორიგი ღონისძიება ჯავახეთში მცხოვრები კარენ სტელმაშოვის ფოტო-გამოფენა და მისი 9 წლის ქალიშვილის, ანაჰიტ სტელმაშოვას, მუსიკალური წარმატებების დემონსტრირება იყო. გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი სავსე იყო რუსი, სომეხი, ქართველი მაყურებლით, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ნიჭიერი მოყვარული ფოტოგრაფის მდიდარი კოლექციიდან წარმოდგენილი ნამუშევრებით, რომლებიც ამშვენებდნენ დარბაზის კედლებს. ნამუშევრები გამოსახავდნენ ბუნების უნიკალურ კადრებს, ადამიანის ხასიათს, მის შინაგან სამყაროს, წარსულისა და თანამედროვეობის ჰარმონიას, ადამიანურისა და ცხოვრებისეულის შერწყმას. გამოფენას თავიანთი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მეუღლემ, ქალბატონმა ელეონორა ვარდანიანმა, კონსულმა ირინა ტერ-ჰოვანისიანმა, კულტურის ატაშე ელინა მკრტჩიანმა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა ნინო ქათამაძემ, საქართველოს ხელოვნების მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ, მუსიკოსმა ნინო კუპატაძემ, ხელოვნების გულშემატკივრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა. თავიანთ გამოსვლებში საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის მერუჟან შაუმიანმა და ცნობილმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ხაზი გაუსვეს იურისტ კარენ სტელმაშოვის ფოტოგრაფიულ მოწყობილობასთან მუშაობას და ფოტოსურათების თემატიკის, განათების, თვალსაწიერის სწორ შერჩევას. აღსანიშნავია სტელმაშოვების ოჯახის უმცროსი წევრის საფორტეპიანო შესრულება. ანაჰიტ სტელმაშოვას ფორტეპიანოსთან შეხება აქვს ექვსი წლის ასაკიდან, 9 წლის გოგონა პატარა თითების მოხერხებული მოძრაობით გიგანტურ მუსიკალურ საკრავს სათამაშოდ აქცევს, აჟღერებს ბახის, ცაბაძის, ცინცაძის, დოკტორ გრადუსის, პაულ დეზმონდის ნაწარმოებებს. საქართველოს ხელოვნების მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე ნინო კუპატაძემ სიამაყით დააფიქსირა ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური კონკურსის ჟიური გააოცა და განაცვიფრა პატარა გოგონას საოცარმა შესაძლებლობებმა, 2015 წელს კი ანაჰიტ სტელმაშევამ მონაწილეობა მიიღო "მომავლის ვარსკვლავები" საერთაშორისო კონკურსში და თბილისის და თურქეთის ქალაქ მარმარისის ლაურეატი გახდა. პროფესორმა ნინო ქათამაძემ გამოხატა რწმენა, რომ ანაჰიტ სტელმაშოვა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ფესტივალში „ერთი ცის ქვეშ“ თავისი პერსპექტიული შესაძლებლობებით ჯერ ისევ გააოცებს მსმენელს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ახალქალაქში ცნობილი და პატივცემული სტელმაშოვების ოჯახის შესახებ, ხაზი გაუსვა ახალგაზრდა თაობის განათლების საქმეში ადგილობრივი მუსიკალური სკოლის როლს, რომლის დამფუძნებელი-დირექტორი იყო ვერა სტელმაშოვა, ოჯახის უფროსი ვალერი სტელმაშოვი კი თავისი დაუზარავი სამსახურით ხელმძღვანელობს რეგიონში კულტურის განვითარების საქმეს.
|