სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი |
2016 წლის 2 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში საპატიო ადგილები ეკავათ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებს, სათვისტომოს სტრუქტურათა წარმომადგენლებს, კლასიკური მუსიკის სპეციალისტებს და შემფასებლებს, თბილისის საზოგადოებრიობის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს. ყოველწლიურად აპრილის თვეში სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია ტარდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით. ამჯერად ღონისძიებები დაიწყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ ერნსტ არაქელოვის ვიოლინოს კლასის კლასიკური მუსიკის კონცერტით, ეთნიკურად სომეხი სტუდენტების მონაწილეობით. ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც ისაუბრა სომეხი ხალხის სასტიკ ბედსა და ბრძოლით გატარებულ ცხოვრებაზე, ხაზი გაუსვა თავისუფლების მოყვარე ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლას, რომელიც დღესაც გრძელდება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საზღვრებთან, და უდანაშაულო ადამიანების უბედურებისა და დახოცვის მიზეზი ხდება. მან სთხოვა დამსწრეებს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 2 აპრილს გამთენიისას მთიან ყარაბაღის საზღვარზე დაღუპულთა ხსოვნისადმი. პროფესორ არაქელოვის წარდგენით გამოვიდნენ ვიოლინოს კლასის სტუდენტები: დევი ალექსანიანი, ეკატერინა ღაზარიანი, მილენა ჯალალბეკოვა, დავით ჰაკობიანი, სტელა მკრტჩიანი და მაგისტრანტი მარაიანა კირაკოზოვა, რომლებმაც მშვენივრად შეასრულეს ვენიავსკის, ბარტოკის, ჩაიკოვსკის, პაგანინის ნაწარმოებები. მევიოლინეები გამოდიოდნენ კონცერტმაისტერების - ირინა პლატონოვასა და თეონა მიქელაძის აკომპონირებით. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა კარენ მელიქიანმა მადლობა გადაუხადა პროფესორ არაქელოვს და მის სტუდენტებს, წმინდანად შერაცხულ მოწამეთა, და არცახში დაღუპულ სომეხ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სომეხ ხალხს ჰყავს ნახევარი მილიონი უდანაშაულო მოწამე, მან მოახერხა თავისი თვითმყოფადობის, კულტურის, სომეხი ადამიანის სახის შენარჩუნება. ეთნიკურად სომეხმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და მსოფლიოს ყველა ხალხებს, ვინც გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა და შეიკედლა თურქული ხოცვისაგან რისვაივაგლახით გადარჩენილი სომხები. სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრული ურთიერთობების, სხვა პროექტებთან ერთად, კულტურული პროგრამებით გამყარების და განვითარების მოწოდებით გამოვიდა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე არტემ კირაკოზოვი. ხსოვნის ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა მადლიერება გამოუხატა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნიკურად სომეხ პროფესორს, რომელიც არა მხოლოდ ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს, არამედ ქართველებს და სხვა ეთნიკური ჯგუფების სტუდენტებს ასწავლის სიმებიანი საკრავების დაუფლების რთულ საქმეს, ამავდროულად მათ აახლოებს სომხურ კულტურასა და მუსიკასთან, ამით თავისი წვლილი შეაქვს სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნების პატრიოტულ საქმეში. დღეს ისევ დაძაბული ვითარებაა არცახში, იქ კვლავ იღუპებიან სომეხი მამაცი ჯარისკაცები, წინამძღვარი ყოვლისშემძლე ღმერთს სთხოვა საზღვარზე მყოფი ჯარისკაცების მფარველობა და მოუწოდა ყველას მათი გადარჩენისათვის ლოცვისკენ. სიმებიანი საკრავების მუსიკალური საღამო იქცა ხსოვნისა და გამარჯვების მოწოდებად.
|