მომლოცველობა და საზეიმო კონცერტი შაუმიანში |
2016 წლის 11 ივნისს, წმინდა გრიგორ განმანათლებლის წმინდა ნაწილების აღმოჩენის „გიუტ ნშხარაცის“ დღესასწაულზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მომლოცველები თბილისიდან და "ჰაიარტუნ" ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები. საღმრთო ლიტურგიის დროს, მწირველმა მღვდელმა ღირსეულმა ვირაპ ღაზარიანმა სათანადოდ განმარტა დღის საიდუმლო - წმინდა გრიგორ განმანათლებლის წმინდა ნაწილების აღმოჩენა, რომელიც სომეხთა უდიდეს წმინდანთაგან ერთის ხსენებისადმი მიძღვნილ სამ დრესასწაულთაგან ერთია. სომეხთა პირველი პატრიარქის წმინდა ნაწილები ქრისტიანული ეკლესიის უდიდეს სიწმინდეთაგანია. მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში დაცული განმანათლებლის წმინდა მარჯვენა სომეხთა ეკლესიის უმთავრეს სიწმინდეთაგანია, რითაც იკურთხება წმინდა მირონი. მწირველი მღვდელი მიესალმა სომხეთიდან ჩამოსული მომლოცველების - მოსალოცად შაუმიანის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში მყოფი ოთხი მედავითნის დასწრებას, ადგილობრივ ახალგაზრდებს მოუწოდა ამ უკანასკნელების მაგალითით ემსახურონ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს და სომეხთა ეკლესიას. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის ტერიტორიაზე, თბილისიდან ჩამოსულ "ჰაიარტუნ" ცენტრის წარმომადგენელთა მიერ გაიმართა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს სიგელები გადასცა ადგილობრივი პირველი საჯარო სკოლის (დირექტორი: არტიუშ ურუმიანი) მასწავლებელ ჯულიეტა საღათელიანს, მესამე საჯარო სკოლის (დირექტორი: აიდა აზატიანი) მასწავლებლებს: აელიტა ჰოვაკიმიანს, ვარსიკ გევორგიანს და ემა ჩობანიანს, ახალგაზრდების სომხური განათლებისა და აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ღირსეული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი, „მშვიდობის ფონდის“ თავმჯდომარე გიორგი თუმასიანი. მათ დამსწრეებს მოუწოდეს, რომ იყონ ერთიანნი და საერთო ძალით დაძლიონ სირთულეები, გამოიჩინონ მეტი აქტიურობა და მზაობა. დამსწრეებს მიესალმა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და სიყვარული გადასცა წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, შაუმიანელებს მოუწოდა მამა-პაპების რწმენისადმი ერთგულებისკენ. შემდეგ "ტარონ" ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფ სურენ აბრამიანმა წარმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დუდუკის და დოლის ჯგუფებმა, ჰენრიხ პეტროსიანმა, რუზანა მიქაელიანმა და ცეკვის ანსამბლმა. მიუხედავად წვიმისა, შაუმიანელები ბოლომდე დაესწრნენ კონცერტს, რომელიც დასრულდა ადგილობრივი მოსახლეობის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ცეკვის ანსამბლის ერთობლივი ცეკვით. |