საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდების სამდღიანი შეკრება წეროვანში |
სიახლეები |
2016 წლის 7-9 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივითა და საეპისკოპოს მხარდაჭერით, მოეწყო საქართველოს სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა ლიდერების სამდღიანი შეკრება. პროგრამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები დედაქალაქიდან, ქვემო ქართლიდან და აჭარის რეგიონის სომხებით დასახლებული სხვადასხვა დასახლებებიდან. პროექტი განხორციელდა დაბა წეროვანის კათოლიკური ეკლესიის კომპლექსში. სასწავლო კურსი დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწის, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის მისასალმებელი სიტყვითა და კეთილი სურვილებით. არქიმანდრიტმა მონაწილეებს გადასცა ეპარქიის წინამძღვრის მამობრივი სიყვარული და კურთხევა, კეთილი და ეფექტური მუშაობა უსურვა სასწავლო კურსის მონაწილეებს. სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს არქიმანდრიტ ხორენის ლექციები წმინდა ზიარების საიდუმლოსა და ლოცვის მნიშვნელობაზე. ღირსეულმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა განმარტა ეკლესიის როლი სომეხი ახალგაზრდის ცხოვრებაში. თბილისის სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა წარადგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, ლევონ ჩიდილიანმა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თემაზე ისაუბრა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების დირექტორმა მიქაელ ავაგიანმა, მშვიდობის ფონდის თავმჯდომარე გიორგი თუმასიანის ლექციის თემა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო. ყოველ დღე ტრენინგი სრულდებოდა საღამოს ღვთისმსახურებით და შეფასების სიტყვით. არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა მაღალი შეფასება მისცა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანის, ახალგაზრობის პროგრამების კოორდინატორ ნინა სეროპოვას და სხვა ორგანიზატორთა ძალისხმევას ახალგაზრდების სამდღიანი სამუშაო შეკრების მაღალ დონეზე, საინტერესოდ და შინაარსიანად განხორციელებისათვის. არქიმანდრიტმა ხორენმა სამდღიანი სასწავლო კურსის მონაწილეებს გადასცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ჯვრები. საქართველოს სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა ლიდერების სამდღიანი შეკრება დასრულდა ვიზიტით თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარსა და სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში. |