საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საახალწლო და საშობაო მილოცვა |
სიახლეები |
ძვირფასო დებო და ძმებო, ყველას გილოცავთ ახალ წელსა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ყველას გისურვებთ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა განკაცებული თავისი ძის მეშვეობით ჩვენს ოჯახებს სიყვარული, მშვიდობა და სიკეთე მოუტანოს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახში ყველაფერი გავხადოთ ბეთლემის ბაგის მსგავსი, რათა იესო აღორძინდეს ჩვენს სახლში, ჩვენს გულსა და სულში და ჩვენ ვიქცეთ ახალ ბეთლემად. იქამდე, სანამ იესო არ დაიბადება ჩვენში, სანამ ჩვენ არ ავღორძინდებით სულით, ვერ შევძლებთ უფლის შობის სრული საიდუმლოს შეგრძნებას, ვინაიდან ადამიანი ცხოვრობს რა ღმერთით, თავის თავში ღმერთის ტარებით უნდა შეიგრძნოს იგი. და წმინდა შობის დღესასწაული ჩვენ გვიძღვება ამ ყველაფრის შეგრძნებისკენ. ყოველივე ეს ჩვენი ქრისტიანული ევანგელისტური გაგებით ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა. "მუდამ ანგარიში ჩააბარე შენს თავს“, - ნათქვამია სახარებაში. თითოეული ადამიანი თვითონ ერთი მეურნეობაა თავისი ცხოვრებით, ნაკისრი ვალდებულებებით არა მხოლოდ საკუთარი თავის, ოჯახის, არამედ საზოგადოების წინაშე. ანგარიშში ასევე საჭიროა დავინახოთ, თუ რამდენი კეთილი საქმე გაგვიკეთებია, რამდენად შევძელით ხალხისთვის ვყოფილიყავით სასარგებლო, რამდენი ვილოცეთ, რამდენი ვიკითხეთ სახარება, ღმერთთან ერთად ვიცხოვრეთ, თუ დავშორდით მას? ამ ყველაფრის გააზრების და დაფიქრების საბაბს გვაძლევს ახალი წლისა და წმინდა შობის ეს მშვენიერი სვლა. საჭიროა მივუბრუნდეთ გასულ წელს და ვთქვათ, რომ განვლილ 2017 წელს ყველას ერთად ბევრი წარმატება გვქონდა, იქნებ უზუსტობებიც დავუშვით, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ გვიშლის, რომ ჩვენ სწორი სვლით ვიმოძრაოთ. საქართველოში მცხოვრებ სომხებს გვაქვს მისია, ისტორიული მისია - შევინარჩუნოთ ის სულიერი მემკვიდრეობა, რაც მივიღეთ ჩვენი მამებისგან, ვუპატრონოთ ჩვენს საგანმანათლებლო, კულტურულ დაწესებულებებს, და, დიდება უფალს, სასულიერო პირების, პერსონალის, ჩვენი საყვარელი შვილების მხარდაჭერით ეს ყველაფერი რეალობად იქცევა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ტრადიციულად, ჩვენ ამ ქვეყანაში სამი ათასი წელი ვცხოვრობთ. ქართველ ხალხთან ერთად ბევრი რამ შევქმენით და ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ერთად და ამ გზაზე საჭიროა მუდმივი მზადყოფნა. ეს მზადყოფნა უნდა მოხდეს ჩვენი განათლებით, აღზრდით, კარგ მოქალაქედ ყოფნით, ჩვენი ეკლესიის და იდენტურობისადმი გამოჩენილი ჩვენი ვალდებულებებით. ამ ღრმა და ლამაზ ჟამს ვულოცავ ყველას და ვუსურვებ: ყოვლისშემძლე ღმერთმა ზეციდან მოგვმადლოს მადლი, რათა ჩვენ გონივრულად წარვმართოთ ჩვენი სიცოცხლე, ვიყოთ შემწყნარენი და მიმტევებელნი, ადამიანურნი, რათა ჩვენმა ქრისტიანულმა სულმა დაინავარდოს მთელ მსოფლიოში. როგორც იესო ამბობს სახარებაში, გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ“. იმავე გზავნილით მივმართავ ჩვენს ხალხს: " გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს, რომ დაგვინახონ და თქვან: ესენი სომეხთა ეკლესიის შვილები არიან“. ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს ყველა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და წმინდა შობას. ამინ. |