2019 წლის 5 იანვარს, საღამოს, შობის და ნათლისღების დღესასწაულებამდე საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ხალხმრავლობა იყო თბილისის, ბათუმის, ჯავახეთის სომხურ ეკლესიებში, მრევლი მოსული იყო, რათა პირველს შეეტყო იესო ქრისტეს შობის ამბავი. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, სომხური ინტელიგენცია, თბილისელი საზოგადოების წარმომადგენლები ასევე სტუმრები სომხეთიდან. საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, შესრულდა საღამოს ღვთისმსახურება, წაკითხულ იქნა ნაწყვეტები წმინდა წიგნიდან. ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა. საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მეუფე ვაზგენმა თავის ქადაგებაში უფლის შობის საიდუმლოზე ისაუბრა, იესო ქრისტეს შობაზე, როგორც კაცობრიობის ცოდვებისგან ხსნისათვის ბოძებულ საჩუქარზე, მისი ტკივილების მოსაშუშებლად, იმედად და სასოებად ქცევისა და მისი ზეციური სამეფოსკენ გაძღოლისათვის. ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს მოუწოდა უფალს შეევედრონ, რომ თავისი სიბრძნის ნათელი მოავლინოს მათ სულსა და ცხოვრებაში, რათა მათი გულები ბეთლემის იმ ბაგად გადაიქცეს, რომელშიდაც მოვლინებული ნათელი სიყვარულად და სიკეთედ გადაიქცევა, განდიდდება ყველას ცხოვრებასა და რწმენაში. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაცოცხლებელი სანთელი აანთო, რომელიც ღვთიური სინათლისა და ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ეს სინათლე იყო მეტი, ვიდრე მზე, რომელიც მოგვებს ჭეშმარიტი სინათლის- ყრმა იესოსკენ გაუძღვა. სინათლე, რომელიც იესო ქრისტეს სიმბოლოა, საღმრთო ლიტურგიაზე დამსწრე მორწმუნეებს დაურიგდა, რომლებმაც ეკლესიებში ანთებული სანთლებით ოჯახებში თან უფლის შობის სასიხარულო ამბავი და ღვთიური სინათლე მიაბრძანეს. წირვის შემდეგ, სასულიერო პირთა ნაკადი ეპარქიის წინამძღვრის „ჰაიარტუნის“ საცხოვრებლისკენ დაიძრა, სადაც სახლის კურთხევის რიტუალი შესრულდა. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ხუთი საუფლო დღესასწაულიდან ორის, შობისა და აღდგომის წინა დღეები იწოდება „ჭრაგალუიც“. სახელი „ჭრაგალუიც“ წარმოიშვა გამონათქვამიდან „ჭრაგ ლუცანელ“, რაც ჭრაქის დანთებას, სანთლის დანთებას ნიშნავს.
|