2019 წლის 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები იზეიმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში წლის პირველი საუფლო დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა. მორწმუნეები დილიდან, ოჯახებით, მაღალი სადღესასწაულო განწყობით სომხურ ეკლესიაში მიიჩქაროდნენ, რათა საშობაო საღმრთო ლიტურგიას დასწრებოდნენ. სომხური ეკლესიის დღესასწაულებს თავიანთი დასწრებით პატივი დასდეს და სომეხ მორწმუნეთათვის დღესასწაულების მისალოცად სომხურ ეკლესიაში მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რუსლან პოღოსიანი, დავით ჭიჭინაძე, სერგო რატიანი, გიგა ბოკერია, საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზაბელა ოსიპოვა, ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი, ბათუმში - ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეგიშე სარგსიანი, სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელები, საზოგადოების წევრები და მორწმუნეები. შობისა და ნათლისღების დღესასწაულებთან დაკავშირებით, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მწირველი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი იყო. საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებთან დაკავშირებული ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ II- ის ეპისტოლე წაიკითხა. წაკითხულ იქნა 2019 წლის ოჯახის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით და ეკლესიაში ჩვილი იესო ქრისტეს შობის სასიხარულო ამბავი გავრცელდა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ისტორიულად ერთმორწმუნე ხალხების ურთიერთობასა და სომხურ-ქართული ეკლესიების მეგობრობაზე ისაუბრა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ღამით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შესრულდება საშობაო წირვა-ლოცვა, მეუფე ვაზგენმა საქართველოს სომეხი მორწმუნეებისა და სასულიერო დასის სახელით ქართული ეკლესიის მრევლსა და სასულიერო პირებს ეს დიდი ქრისტიანული დღესასწაული მიულოცა. მეუფე ვაზგენის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი და ეკლესიის ჯვრის ნათლია ღირსეული სომეხი მამულიშვილი, მორწმუნე ქრისტიანი იური ერემიანი გახდა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ნათლიის მიერ სახალხო გამასპინძლება გაიმართა. შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა და წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიებსა და მიმდებარე სოფლებში, ქვემო ქართლის, რუსთავის, მარნეულის რაიონის სოფლების სასულიერო ტაძრებში. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღნიშნული შობის ბრწყინვალე დღესასწაული ფართოდ გაშუქდა სხვადასხვა ქართული მედია საშუალებების მიერ.
|