"სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 2014 წლის გამოსაშვები ჯგუფის ზეიმი |
ამა წლის 21 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა "სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 2013-2014 სასწავლო წლის გამოსაშვები ჯგუფის ზეიმი. საზეიმოდ მორთულ დარბაზს ამშვენებდა სკოლამდელთა ლამაზი სამოსი და ყვავილების სიუხვე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი მიესალმა საპატიო სტუმრებსა და მშობლებს, დარბაზში მიიწვია 16 გოგონა და ბიჭი, რომლებიც ლამაზი გამოსვლებით უნდა დამშვიდობებოდნენ საბავშვო ბაღს. ბავშვები ლამაზი და გამართული სომხურით ლექსებს კითხულობდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რითაც იმსახურებდნენ დამსწრეთა აღფრთოვანებას. ბავშვებმა წარმოაჩინეს სომეხთა ეკლესიაზე, ერსა და სამშობლოზე მიღებული ცოდნა, რაც მათ საბავშვო ბაღში ასწავლეს მასწავლებლებმა ლალა გევორგიანმა, ნარინე ღუშჩიანმა, დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა და სხვებმა. საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ხელმძღვანელობას მშობელთა სახელით მადლიერების სიტყვით მიმართა ანჟელა ხაჩატრიანმა. მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ქველმოქმედი, ნოვოსიბირსკიდან ჩამოსული ბორის სააკოვი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი. ამ უკანასკნელმა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის პასუხისმგებელს ევგენია მარკოსიანს და „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის მასწავლებელ თამარა გაბოიანს გადასცა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს სიგელები, დიასპორაში სომხური ენის შენარჩუნებისა და ახალგაზრდების პატრიოტულად აღზრდის საქმეში მათი შეტანილი წვლილისათვის. ღონისძიების ბოლოს კურთხევის და შეფასების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მისმა უსამღვდელოესობამ დამსწრეებს მიულოცა სომეხთა ეკლესიის ერთ-ერთი დიდი დღესასწაული - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის „ხორ ვირაპიდან“ გამოსვლის დღე, შემდეგ საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის 16 ბავშვს გადასცა სერტიფიკატები. შემდეგ „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით, შესრულდა საბავშვო ბაღის მოუნათლავი ბავშვების ნათლობის წესი. |