თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში დიდი სიყვარულით აღინიშნა იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული |
27 ივლისს დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. მორწმუნეები სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან ერთის - იესო ქრისტეს ფერისცვალების ან ვარდავარის დღესასწაულის აღსანიშნავად მოდიოდნენ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით აღევლინა საღმთო ლიტურგია. წირვა აღავლინა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა. წირვის დასასრულს წინამძღვარმა იქადაგა დღესასწაულის საიდუმლოზე, ხაზი გაუსვა დღესასწაულის ღვთაებრივ საიდუმლოს და ყველას ურჩია იესოს მაგალითით ფერისცვალება, ქრისტეს მეშვეობით ახალი ცხოვრების დაწყება, რაც კაცობრიობას მოუტანს სიკეთეს, სიყვარულს, სოლიდარობას და სულიერ სინათლეს. მისმა უსამღვდელოესობამ ასევე მოუწოდა ცხოვრების სულიერი ღირებულებებით, კეთილი საქმეებით, მოწყალებით და თანაგრძნობით გამდიდრებისკენ. სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა ეკლესიის ეზოში მოწყობილი წუწაობით. წინაძღვრისგან კურთხევის მიღების შემდეგ დაიწყო ერთმანეთის გაწუწვის მხიარული სანახაობა, რომელშიც მონაწილეობდნენ ყველა ასაკის ადამიანები - სტუმრები და საღმთო ლიტურგიის მონაწილეები, ყველა მორწმუნე. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალებით სულიერად გამდიდრებული და ვარდავარის წყლით განწმენდილი მორწმუნეები დაბრუნდნენ სახლებში. |