ჩამოინგრა თბილისის ერევანცოც სურბ მინას ეკლესიის სახურავი |
2014 წლის 19 სექტემბერს ჩამოინგრა 1790 წლის ერევანცოც სურბ მინას უმოქმედო ეკლესიის სახურავი. ერევანცოც სურბ მინას ეკლესია ჩამოერთვა სომეხთა ეპარქიას საბჭოთა პერიოდში. 2007 წლის 1 ოქტომბერს ტაძარს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის №3/181 ბრძანების თანახმად მიენიჭა კულტურის ძეგლის სტატუსი. 2011 წელს, გელათის ქუჩის პარალელურად მდებარე იორის ქუჩა №30–ის მაცხოვრებელთა და სურბ მინას ტაძრის ეზოში მცხოვრები პირების მიერ, იორის ქუჩა №30 მისამართზე დარეგისტრირდა ამხანაგობა „იორი 30“, რომელმაც გაუგებარი გზით შეუცვალა ტაძარს მისამართი და მოახდინა ტაძრისა და ეზოს პრივატიზება. საქართველოში სომეხთა ეპარქიამ 2013 წელს მიმართა საქართველოს პროკურატურას განცხადებით, რათა გამოეძია ეს საქმე, თუმცა საკითხი დღემდე გადაუწყვეტელი რჩება. სომეხთა ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ისტორიულად ეპარქიის კუთვნილი და მისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ტაძრები არ უბრუნდება ეპარქიას. ათწლეულების განმავლობაში ტაძრების მოუვლელობა მათ განადგურებას იწვევს. 2009 წელს ჩამოინგრა მუღნეცოც სურბ გევორგ ეკლესია, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ ნშან ეკლესიის შესასვლელი, ხოლო 2014 წლის 19 სექტემბერს კი ჩამოინგრა სურბ მინას ტაძრის სახურავი. გუშინ, სახურავის ჩამონგრევის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლების განადგურების თავიდან აცილების მიზნით საქართველოში სომეხთა ეპარქია თხოვნით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, რათა მიიღონ სათანადო ზომები.
|