სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი (ქვა-ჯვარი) ხანდოში |
2015 წლის 18 აპრილს, ჯავახეთის სოფელ ხანდოში ერთდროულად ორი ისტორიული ცერემონიალი ჩატარდა - აკურთხეს „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ახალი ზარი და აღმართეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი. სოფელ ხანდოს „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში შესრულდა ზარის კურთხევის ცერემონიალი და ღვთისმსახურება. ეკლესიის ახალი ზარი აკურთხა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანმა, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ ტათევ მარუქიანის და არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ თადეოს ტერ-მკრტჩიანის მონაწილეობით. ამ წმიდა ცერემონიის შემდეგ ახალადნაკურთხი ზარით სოფელ ხანდოს „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სამრეკლოდან გაისმა 100 სიმბოლური ზარი, სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით. 18 აპრილს სოფელ ხანდოში ხალხმრავლობა იყო. სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანმა აკურთხა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი, რომელიც აღმართეს სოფელ ხანდოს ახალგაზრდებმა. მოქანდაკე: სოს ჰაკობიანი. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი, „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სოს სააკიანი, „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აშოტ ჰაკობიანი, საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის რაიონიდან მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, ახალქალაქის გამგებელი ედუარდ აღასარიანი, ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ ღარსლიანი, ინტელიგენცია და სხვები. |