ირენ ავაკიანის სოლო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას |
2015 წლის 23 მაისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში გაიმართა ახალგაზრდა მომღერალ ირენ ავაკიანის სოლო კონცერტი, რუბრიკით - „ვედრება“, რომელიც კლასიკური სიმღერის პროფესიონალმა შემსრულებელმა მიუძღვნა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ეკლესია სავსე იყო მორწმუნეებით, კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლებით. მომღერალს მუსიკალური შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული და სერიოზული გამოსაცდელი პერიოდი აქვს გავლილი. სოლო კონცერტის მსმენელები გახლდნენ: საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დესპანი კარენ მელიქიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საზოგადო მოღვაწე სამველ აღეკიანი, პოეტი, მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი, სომეხი და ქართველი მუსიკოსები, ხელოვნების მოყვარული საზოგადოება. საქართველოს ქალაქ ხაშურში დაბადებული, თბილისის ბალანჩივაძის და სარალიძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლების კურსდამთავრებული მომავალს უკავშირებს კლასიკურ მუსიკას და ვოკალური უნარების დახვეწას. მან სიმღერის საშემსრულებლო განათლება მიიღო ერევნის კომიტასის სახელობის კონსერვატორიაში, სტაჟირება - ალექსანდრე სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. უამრავი კონცერტის, ფესტივალების და მუსიკალური პროექტების მონაწილე ახალგაზრდა მომღერლის, ეკლესიაში გამართული პირველი სოლო კონცერტის დროს, მკაფიო და მომხიბლავი შესრულებით გაიჟღერა ნარეკაცის, კომიტასის, ეკმალიანის, ვივალდის, კაჩინის, ბახ-გუნოს, ბზვანელის და ბაბაჯანიანის ნაწარმოებებმა. ირენ ავაკიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ორგანისტ კარენ მირზოიანს, "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელობას, ეპარქიის თანამშრომლებს, რომ სოლო კონცერტის გამართვის საშუალება მისცეს და მხარი დაუჭირეს მას. მომღერალმა აღფრთოვანება გამოხატა „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდის წევრის ჰრაჩია ასატრიანის უნიკალურ ვოკალურ უნარებთან დაკავშირებით და იგი მიიწვია კაჩინის „ავე მარიას“ შესასრულებლად. მოზარდის სიმღერა მიიღეს თბილი ოვაციებით. კონცერტის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა მიულოცა ირენ ავაკიანს კონცერტის გამართვა, მაღალი შეფასება მისცა სომეხი ხალხის კულტურულ უნარს - თაობიდან თაობას გადასცეს ნიჭიერება, რის შედეგად სომხური გენი ყველგან ბრწყინავს მთელ მსოფლიოში, ხელოვნების ენა კი ყველგან გასაგებია. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ ცაში ანგელოზებად ქცეულ მოწამეთა შუამდგომლობით სომეხი ადამიანი მსოფლიოს წინაშე წარსდგება თავისი შემოქმედი, მშნებელი და ნიჭიერი სახით. ღონისძიება დასრულდა საგალობლით „ამენ, წმინდა მამავ“ და „მამაო ჩვენოთი“.
|