სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ხსოვნის აქციები საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
სომეხთა გენოციდის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო 23 აპრილს, ეკლესიებში შესრულებული მშვიდობის ღვთისმსახურებებით. საღამოს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში შესრულდა მშვიდობის ღვთისმსახურება, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სათემო ორგანიზაციების ახალგაზრდები. ღვთისმსახურების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა თავისი რჩევა-დარიგება გადასცა დამსწრეებს, მოუწოდა, რომ ერთგულნი იყონ სომეხთა სამართლისა და სომხური სამართლიანი მოთხოვნებისა. მონაწილეებმა დანთებული სანთლებით ლოცვა აღავლინეს. 24 აპრილს, ხალხის ნაკადი თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრისა და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებისკენ დაიძრა დილიდან, რათა მონაწილეობა მიეღო წმინდა ჯვრის გამოჩენის დღესასწაულსა და სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნის საღმთო ლიტურგიაში. „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი, საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მორწმუნეები. საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, ისაუბრა წმინდა ჯვრის გამოჩენასა და მაცოცხლებელი ჯვრის მარადიულ და მფარველობით ძალაზე. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეებს სომეხი ხალხის, სამშობლოსა და მისი საზღვრების მცველი სომეხი ჯარისკაცის მფარველობა სთხოვა. ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, ეკლესიის ეზოში აღმართულ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩქართან არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის თავმჯდომარეობით შესრულდა სპეციალური ცერემონია, სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. შემდეგ „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის სომხებმა მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ორგანიზებულ სომეხთა გენოციდის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაში. აქციის მონაწილეებს ლოცვა-კურთხევით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა და განაცხადა, რომ 24 აპრილი სომხებისთვის მომლოცველობის დღეა, დამსწრეებს მოუწოდა ძალ-ღონე არ დაიშურონ და ბოლომდე იბრძოლონ სომხური სამართლიანი მოთხოვნისა და სამხური სამართლისათვის. აქციაზე, რომელიც მიმდინარეობდა სომხურ და ქართულ ენებზე, დაგმობის, გენოციდის აღიარებისა და კომპენსაციის მოთხოვნით გამოვიდნენ სამველ მკრტჩიანი, ლევონ ჩიდილიანი, გიორგი თუმასიანი, სუსანა ხაჩატრიანი და სხვები. აქციაზე გაიჟღერა ასევე პატრიოტულმა ლექსებმა და სიმღერებმა. 24 აპრილს ხსოვნის საღმრთო ლიტურგიები, საპროტესტო აქციები და მშვიდობიანი დემონსტრაციები გაიმართა საქართველოს სომხებით დასახლებულ ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში. 24 აპრილის ღონისძიებები გაშუქდა ქართული მედია საშუალებებით. |