1geo

fb you od

სურბ სარგისის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

s.sargis 

სომეხთა  ეკლესიის ერთ-ერთი სანუკვარი დღესასწაული - სურბ  სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსისა და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე,  საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სათანადოდ და ხალხური დიდი სიყვარულით.

თბილისელი სომეხი  მორწმუნეები ტრადიციულად სურბ სარგისის დღესასწაულს  აღნიშნავენ   წმინდანის სახელობის 1883 წელს აშენებული სამლოცველოსკენ მსვლელობით.

დღესასწაულის წინა დღეს, 2017 წლის 10 თებერვალს, ავლაბრის  „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში შეკრებილი მომლოცველების დიდი პროცესია,    სულიერი მამების წინამძღოლობით,    წმინდა სარგისის ხატებითა და ბაირაღებით, დაიძრნენ ხარფუხის „სურბ სარგის“ სამლოცველოსკენ.  სხვადასხვა ასაკის მორწმუნეები საგალობლების შესრულებითა და ლოცვით მივიდნენ სამლოცველომდე. ყოველმა მომლოცველმა, რომელთა რაოდენობა ათასამდე იყო, რიგ-რიგობით შეძლო შესულიყო სამლოცველოში, სანთელი დაენთო და ლოცვა აღევლინა იქ. ამ დროს, მღვდლების -  მანუკ ზეინალიანის და სამველ თოროსიანის თაოსნობით და  დიაკვნების მონაწილეობით,  სრულდებოდა საგალობლები, რასაც აყვნენ ასევე პროცესიის მონაწილეები. მოლოცვის შემდეგ, მომლოცველები მივიდნენ „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, სადაც მათ შეუერთდა ასობით სხვა მორწმუნე.   

ხალხმრავლობა იყო „სურბ გევორგ“ ეკლესიასა და მის ეზოში.  წინასადღესასწაულო საღამოს ღვთისმსახურება  ჩატარდა     საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით. მიუხედავად თოვლიანი და სუსხიანი ამინდისა, მორწმუნეებმა ეზოში ბოლომდე მიიღეს მონაწილეობა ცერემონიაში და ხმის გამაძლიერებლებით უსმენდნენ წირვა-ლოცვას.

მეუფე ვაზგენმა იქადაგა დღის საიდუმლოს, სურბ  სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ქრისტიანული რწმენისათვის წამების შესახებ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ    უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ მეორის, განკარგულებით სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული  გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ,  შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი და მათ უსურვა მიზნების აღსრულება.

წმინდა დღესასწაული აღინიშნება არა მარტო საეკლესიო ცერემონიითა და ლოცვით, არამედ - ხალხური ტრადიციებით.

წინასადღესასწაულო ცერემონიალის შემდეგ, ეკლესიის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს   დაურიგდათ მარილიანი კვერები, რასაც უკავშირებენ მათი ოცნებების განხორციელებას.  

11 თებერვალს, დღესასწაულის დღეს,  „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.   

სურბ სარგისის დღესასწაული მომლოცველობით და საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებშიც.   

წინასადღესასწაულოდ და დღესასწაულის დღეს მორწმუნეები, სულიერი მოძღვრების წინამძღოლობით, პროცესიებით მოსალოცად გაემართნენ წმინდანის სახელობის ეკლესიებსა და სამლოცველოებისკენ:     ახალქალაქიდან -   დილისკის სურბ სარგის ეკლესიაში, „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში კი - სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის საპატიო წინამძღოლობით, შესრულდა წინასადღესასწაულო ცერემონია და ახალგაზრდების კურთხევის წესი. მომდევნო დღეს დილისკის „სურბსარგის“ ეკლესიაში, მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა აღასრულა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. ახალციხიდან მოსალოცად გაემართნენ საზელის „სურბ სარგის“ ეკლესიისკენ. ადგილობრივებმა და მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიასა და ახალგაზრდების კურთხევის წესში, რომელიც აღავლინა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა. ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში მამა არმაშ პოღოსიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია და სადღესასწაულო ცერემონიალი, რის შემდეგაც რაფაელ ჯავახ ცენტრის აღსაზრდელების მომზადებული მარილიანი კვერები დაურიგდა ახალგაზრდებს.   ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში მღვდელ  არარატ გუმბალიანის ინიცირებულ სადღესასწაულო ცერემონიებსა და ტრადიციულ ღონისძიებებს დაემატა ასევე სურბ სარგისის საზეიმოდ აღნიშვნა მხიარული ღონისძიებით.

1 2 3 4 

5 6 7 8 

9 1 9 2 9 3 9 4 

9 5 9 6 9 7 9 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)