1geo

fb you od

საღმრთო ლიტურგია სამშვილდის (შამშულდა) „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

16804415 

2017 წლის 18 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან მორწმუნეთა ჯგუფი მოსალოცად გაემგზავრა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიისკენ. ადგილზე მისულმა მორწმუნეებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს უძველეს ეკლესიაში.

 თბილისელმა  მომლოცველებმა, ადგილობრივ მორწმუნეებთან ერთად,  მონაწილეობა მიიღეს დღის საიდუმლოსადმი - წმინდა პატრიარქ  საჰაკ პართევისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც აღავლინა ბოლნისისა და თეთრიწყაროს    სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.  

ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ბავშვების დასწრება, რომლებიც მშობლებთან ერთად წირვაზე იყვნენ მოსული.   

საღმრთო ლიტურგიის დროს, მწირველმა მღვდელმა  ქადაგებისას საფუძვლიანად ისაუბრა წმინდა საჰაკ პართევის ბრძნული მეფობის  შესახებ,  რომელმაც 52 წლიანი პატრიარქობის პერიოდში   დიდად შეუწყო ხელი სომხური ეროვნული კულტურის განვითარებას, იყო სომხური დამწერლობის შექმნის მქადაგებელი,    მესროპ მაშტოცთან ერთად გახდა სომხური დამწერლობისა და საეკლესიო ისტორიოგრაფიის დამფუძნებელი. მამა ჰუსიკმა ისაუბრა სომხური დამწერლობის შექმნის შემდეგ ბიბლიის თარგმნის შესახებ, რომელსაც  თავისი სრულყოფილებისათვის სააკუნეების შემდეგაც უწოდებენ  ბიბლიის თარგმანების დედოფალს.

მიულოცა რა წირვა-ლოცვაზე მყოფ მოსწავლეებს დამწერლობის დღე, ადგილობრივმა სულიერმა მსახურმა მათ მოუწოდა მეცნიერების გვერდების მშობლიურ ენაზე შესწავლისა და ძვირფასი სომხური ენის შენარჩუნებისაკენ.  

მორწმუნეებმა ინტერესით მოისმინეს დღის ქადაგება, მიიღეს    ზიარება. წირვის ბოლოს, მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა მორწმუნეთა თხოვნით ბავშვების  კურთხევისა და ავადმყოფთა განკურნების  ლოცვა აღავლინა.    

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მორწმუნეთა მომლოცველობები ეპარქიის სხვადასხვა წმინდა ადგილებისკენ    რეგულარულ ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს  მორწმუნეთა რწმენის განმტკიცებასა და ეკლესიის გარშემო მათ კონსოლიდირებას.

 თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდეს დაახლოებით 200 წლის   ისტორია აქვს. დასახლებულია სომხებით,   1863 წელს  აქ  აშენდა     "სურბ ასტვაწაწინ" ქვის ეკლესია, რომელსაც ჰქონდა სასულიერო სკოლა. სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილი  ეკლესია  2010 წელს ხელახლა აშენდა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით და ადგილობრივთა დაფინანსებით.   იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეკლესია აშენდა  „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ნანგრევებზე, სოფლის თემის თხოვნით, 2012 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ  მირზახანიანმა ეკლესია ხელახლა აკურთხა „სურბ ფრკიჩ“ სახელწოდებით. ეპარქიის მღვდელმსახურები ეკლესიაში პერიოდულად აღავლენენ წირვა-ლოცვებს, ატარებენ სარიტუალო ცერემონიალებს.

16825882 16700677 16797568 16797504