2017 წლის 28 მაისს, საზეიმო განწყობა იყო თბილისის სომხურ საზოგადოებაში. ხალხი მიიჩქაროდა თბილისის უძველეს მეიდნის უბანში, საზეიმო დღისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად.
საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს მოღვაწეების, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მორწმუნეები, აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მეუფემ სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დღესასწაული სამმაგია. ისაუბრა დღის სულიერ, სახელმწიფო და ხალხურ საიდუმლოებზე, მისმა ყოფლადუსამღვდელოესობამ განმარტა მეორე ბზობის საიდუმლო, ზეცად ამაღლებული ქრისტეს დახვედრა ანგელოზების მიერ. მეუფე ვაზგენმა ასევე ხაზი გაუსვა პირველი სომხური რესპუბლიკის 99-ე წლისთავს, სარდარაპატის, ბაშ-აპარანის საგმირო ბრძოლების შემდეგ თბილისში სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადებას. მწირველმა ეპისკოპოსმა ისაუბრა საიათნოვას ვარდატონზე, რომელიც 103-ედ აღინიშნება და რომელზე დასასწრებად მეიდანზე იკრიბებიან არა მხოლოდ სომხები, არამედ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და სომხეთის რესპუბლიკიდან. ეპარქიის წინამძღვრის და მღვდელმსახურთა მონაწილეობით შესრულდა ლოცვა-კურთხევა, რესპუბლიკის საკეთილდღეოდ, რომ სამშობლო იყოს ურყევი, სახელმწიფოებრიობა - მტკიცე და ხალხმა იცხოვროს კეთილდღეობაში. წმინდა წირვას შეუერთდა საქართველოს მწერალთა კავშირის დელეგაცია, თავმჯდომარის, მაყვალა გონაშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთის მწერალთა კავშირის დელეგაცია, თავმჯდომარის, ედვარდ მილიტონიანის, ხელმძღვანელობით და სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს "საიათნოვა" აშუღური ანსამბლი, სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის, პროფესორი თომას პოღოსიანის ხელმძღვანელობით. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით და მღვდელმსახურთა მონაწილეობით ეკლესიის ეზოში, საიათნოვას საფლავთან შესრულდა პანაშვიდის წესი და წითელი ვარდებით შეამკეს უკვდავი პოეტის საფლავი. სომხეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა სანთლები დაანთეს „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში.
|