საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 23 თებერვალს გაიხსნა თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა ერთობლივად მომზადდა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ, "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის მხარდაჭერით. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მხატვრების - ამირან კუპრავას, ანგელინა დამენიას, ბრუნო ვეფხვაძის, გია მარკოზაშვილის, გელა ფილაურის, გურამ ცერცვაძის,
გია რევაზიშვილის, თამარ სულხანიშვილის, თემური დვალიშვილის, მერაბ გაბუნიას, მალხაზ რჩეულიშვილის, პაატა კლდიაშვილის, ჯოვანი ვეფხვაძის, ტატიანა პაპისაშვილის, ომარი კაჭკაჭიშვილის ორმოცამდე ნამუშევარი, რომელთაგან თითოეული მდიდარი წარმოსახვით, ფერთა უნიკალური კომბინაციით და საშემსრულებლო დიდი ოსტატობით შექმნილი მხატვრის ჩანაფიქრისა და შინაგანი ემოციის გამოსახულებაა. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, კავკასიის მუსულმანთა შეიხის ულ ისლამ ფაშაზადეს წარმომადგენელი საქართველოში ახუნდ ალი ალიევი, საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი იური მეჩითოვი, ქართველი და სომეხი ცნობილი მხატვრები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. გამოფენა გახსნა საქართველოში სომეხთა ეოპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი ღონისძიებები მიზნად ისახავს სომეხთა და ქართველთა მეგობრობის განმტკიცებას. შემდეგ საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა დეტალურად წარადგინა გამოფენის მონაწილე ქართველი მხატვრები, მიესალმა ქართველთა და სომეხთა მდიდარი კულტურის წარმოჩენის, კულტურული ურთიერთობების განვითარების მიზნით სომხური კულტურის სახლის მოღვაწეობას. გამოფენის გახსნას მიესალმნენ საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, პოეტი-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე. ყველა გამომსვლელმა ისაუბრა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარების საჭიროებაზე, ხზი გაესვა სომხეთში ქართველი მხატვრებისა და საქართველოში სომეხი მხატვრების ნამუშევრების ჩვენებით სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავების მხარდაჭერის იდეას. თავის მადლიერებისა და კურთხევის სიტყვაში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა იმ მხატვრული უნიკალური კოლორიტის შესახებ, რომელმაც თანდაყოლილ ნიჭთან ჰარმონიით მსოფლიოს მისცა ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, გიორგი ბაშინჯაღიანი, ალექსანდრე ბაჟბეუკ მელიქოვი, გაიანე ხაჩატრიანი და დამსწრეებს მოუწოდა ხელი შეუწყონ სომხურ-ქართული მეგობრობის ოქროს ხიდის გამყარებას. თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში გაგრძელდება 7 მარტამდე. |