1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების თემაზე რეგიონულ კონფერენციაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

m-j

2013 წლის 29-30 მაისს საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და ეპარქიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ლევონ ისახანიანმა

მონაწილეობა მიიღეს რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების თემაზე რეგიონალურ კონფერენციაში. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: დელეგაცია სომხეთიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ქალბატონი თამარ კინწურაშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ზურაბიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბექა მინდიაშვილი, ასევე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები. წმიდა ეჯმიაწინიდან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული იყო არქიმანდრიტი შაჰე ანანიანი.

კონფერენცია ორგანიზებული იყო უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის და ნიდერლანდების საელჩოს მიერ.

კონფერენცია გახსნეს უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ევა ჩილინსკიმ, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა და საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ ქალბატონმა ანჟელ სამურამ.

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი პაატა ზაქარეიშვილი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი რელიგიის თავისუფლებისა და რწმენის საკითხებში ბატონი ჰაინერ ბილეფელდი და სხვ.

საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თავის გამოსვლაში შეეხო სომხურ და ქართულ ეკლესიათაშორის ურთიერთობებს. არქიმანდრიტმა შაჰე ანანიანმა ხაზი გაუსვა სომხური ეკლესიის როლს სომხეთში რელიგიის თავისუფლების შენარჩუნების საქმეში.

ლევონ ისახანიანმა წარმოადგინა მოხსენება საქართველოში სომეხთა ეპარქიისა და მისი აქტუალური პრობლემების შესახებ, ასევე საქართველოს მთავრობისთვის წარმოადგინა პრობლემატური საკითხების მოგვარების რეკომენდაციები, ისეთები, როგორებიცაა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სომხური ეკლესიების სომეხთა ეპარქიისთვის დაბრუნება და საქართველოს ყველა რელიგიური ორგანიზაციის პროპორციული დაფინანსების მექანიზმის შემუშავების საჭიროება.