"ჰაიარტუნ“ ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა იოსებ გრიშაშვილის დაბადების 125 წლის იუბილე |
2014 წლის 24 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირისა და საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის ინიციატივით, გაიმართა იოსებ გრიშაშვილის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი შემოქმედნი, კითხვის მოყვარული საზოგადოების წარმომადგენელნი. საღამოს უძღვებოდა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე არტემ კირაკოზოვი. ღონისძიება დაიწყო იოსებ გრიშაშვილის ხმით ლექსების დეკლამაციის ჩანაწერის მოსმენით და ჯოვანი ვეფხვაძის ხარფუხის უბნისადმი მიძღვნილი კლიპის ჩვენებით. ცნობილი ქართველი პოეტის ცხოვრების, მოღვაწეობისა და სომხურ ლიტერატურასთან მისი მეგობრული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, ისაუბრა რა მომდევნო დღეს ჩასატარებელი „ვარდატონის“ დღესასწაულზე, ხაზი გაუსვა იოსებ გრიშაშვილის როლს „ვარდატონის“ ჩატარების საქმეში. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით საქართველოში საიათნოვას სახელობის პრემიის დაწესების შესახებ. პოეტ- მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ისაუბრა განსაკუთრებით ოვანეს თუმანიანის, ჰოვანეს ჰოვანისიანის, აზატ რშტუნის ნაწარმოებების იოსებ გრიშაშვილის შესრულებულ თარგმანებზე. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა გრიშაშვილის მეგობრულ კავშირებს სომხურ შემოქმედებით აზრთან, შემდეგ წარმოადგინა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში „კამურჯ“ გამომცემლობის მიერ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემას, სადაც დიდი ადგილი ეთმობა როგორც დიდი პოეტის შემოქმედებათა სომხურ თარგმანებს, ასევე პირადად მის მიერ სომხური ლიტერატურიდან შესრულებულ თარგმანებს. იოსებ გრიშაშვილის თარგმანებიდან წაიკითხეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა, მასწავლებლის - როზა ზოჰრაბიანის ხელმძღვანელობით, პოეტმა გარი ღალამქაროვმა. ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას შეუერთდა სომხეთის მწერალთა კავშირის დელეგაცია თავმჯდომარის, ედუარდ მილიტონიანის ხელმძღვანელობით. დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა კვირას დაგეგმილ საიუბილეო „ვარდატონში“ მონაწილეობის მისაღებად. საღამო იქცა სომეხი ხალხის მიერ იოსებ გრიშაშვილის ხსოვნის განდიდების ღონისძიებად. |