2015 წლის 6 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში სომეხი მხატვრების ალბომის „ტფ(თბ)ილისი-ახალი ბაბილონი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერლები, ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებას მათი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფმა სრ იუსტიციის მინისტრმა ოვანეს მანუკიანმა, საქართველოში სრ საელჩოს პირველმა მრჩეველმა არტაკ კალაჩიანმა და სხვებმა.
XX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის სომხური ფერწერის ხუთი ნიჭიერი ხელოვანის ნამუშევრების ერთ კრებულად გამოცემის პროექტი განახორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სრ კულტურის სამინისტროს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და სრ ეროვნული ასამბლეის დეპუტატის ბატონ აშოტ არსენიანის მფარველობით.
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მიესალმა დამსწრეებს და დაუმალავი სიამაყით შეაფასა სომეხი ხელოვანები, რომლებმაც შემოქმედებითი გზა გაიკაფეს და ხელოვნების ისტორიაში დაიმკვიდრეს ადგილი, რომელთა პალიტრის ფერები შეიქმნა ამ უნიკალური მრავალეთნიკური ქალაქის მდიდარი კოლორიტით და რომელთა ნამუშევრებით ამაყობს როგორც სომეხი, ისე ქართველი ხელოვნების მოყვარული საზოგადოება.
პროექტის ავტორმა და კოორდინატორმა ნიჭიერმა მხატვარმა ირენა ოგანჯანოვამ დაასახელა ფერწერის თბილისური სკოლის წარმომადგენლები: ცხონებული ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩევი, რობერტ კონდახსაზოვი, გაიანე ხაჩატურიანი და დღეს მოღვაწე ზულეიკა ბაჟბეუკ–მელიქოვა, რომელთა 120-მა ტილომ ადგილი ჰპოვა ალბომში, დავით ანდრიაძის განუმეორებელი ესე-განმარტებებით.
სრ იუსტიციის მინისტრმა ოვანეს მანუკიანმა, რომელსაც ჯერ კიდევ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობის წლებში ჰქონდა ქართული ფერწერის თბილისელი სომეხი ოსტატების კვალის ერთ კრებულად უკვდავყოფის და თაობებისათვის გადაცემის იდეა, კულტურა მიაკუთვნა იმ ხიდებს, რომლებიც აკავშირებენ და მომავლიკეს წარუძღვებიან საუკუნოვანი მეგობარი ხალხების თანამშრომლობასა და კულტურულ წინსვლას.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეები დალოცა და ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები შეადარა იმ მესაზღვრეებს, რომელთა მისია არის შეინარჩუნონ, გააგრძელონ და ერთმანეთისთვის მისაწვდომი გახადონ ორი ქრისტიანი ხალხების ლიტერატურა და ხელოვნება.
„ტფ(თბ)ილისი - ახალი ბაბილონი“ წიგნი-ალბომი გამოიცა სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე და ცნობილი ნაშრომების გვერდით წარმოდგენილია ფერმწერთა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც თავმოყრილია საქართველოს, სომხეთის, რუსეთის და აშშ-ს მუზეუმებიდან და საგამოფენო დარბაზებიდან. დამსწრეებმა იხილეს ასევე თბილისის 5 სომეხი მხატვრის 120 ნამუშევრის სლაიდ-შოუ. „ტფ(თბ)ილისი - ახალი ბაბილონი“ წიგნი-ალბომის პრეზენტაცია იქცა ორი ხალხების მეგობრობით შთაგონებულ საღამოდ, რომლის მისამართი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იყო.
|