მარადისობის მგზავრი წმინდა ეჯმიაწინი |
სტატიები |
(ერთი გვერდი ინდოეთში სომეხთა საკათოლიკოსო წარმომადგენლობის ისტორიიდან) სომეხი ხალხის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის წარგზავნილებს უცხო ქვეყნებში - „ნვირაკებს“. ეს ფაქტი, თავის მხრივ, განპირობებულია სრულიად სომეხთა ცხოვრებაში წმინდა ეჯმიაწინის განსაკუთრებული როლით - სომხური იდენტობის შენარჩუნების როლით, როგორც სომეხი ხალხის ეროვნული სულიერი ერთიანობის სიმბოლოთი. ეს სულიერი ერთიანობა გამოიხატება მსოფლიოში გაფანთული სომხობისთვის წმინდა ეჯმიაწინიდან წმინდა მირონის მიწოდებით, რომელიც, როგორც მირონცხების ბეჭედი, ამავდროულად, აღიქმება სომხების ეროვნულ ბეჭდად. წმინდა მირონით მონათლული ყოველი სომეხი უხილავი სხივით უკავშირდება წმინდა ეჯმიაწინსა და სომხეთს. მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახე - ეპისკოპოსი კარაპეტ ტერ-მკრტჩიანი: „მირონი არის ყველაზე მჭიდრო და ყველაზე მტკიცე სულიერი დამაკავშირებელი მსოფლიოში გაფანტული სომხებისთვის: წმინდა მირონი, რომელიც ღვთაებრივი ძალით განწმენდს ჩვენს ცოდვილ სხეულს და გზას უხსნის ჩვენს სულს, ზეციური ნათელის მარადიულ გაჩერებისკენ“ 1. წმინდა ეჯმიაწინის, როგორც სომეხთა სამყაროს სანუკვარი სიწმინდეების კრებითი სიმბოლოსი და იქიდან მსოფლიოში განაწილებული წმინდა მირონის შესახებ მოგვითხრობს მე-17 საუკუნის ისტორიკოსი არაქელ დავრიჟეცი: „სომხეთშია მათი მამების და წინაპრების სასაფლაოები, მონასტრები და მოსალოცები, სადაც წმინდანთა სამარხებია და, განსაკუთრებით, სომეხთა დიდებული საკათოლიკოსო - წმინდა ეჯმიაწინი, სადაც ინახება გრიგოლ განმანათლებლის მარჯვენა, რომლითაც იკურთხება წმინდა მირონი, საიდანაც (ეჯმიაწინის მირონი) ვრცელდება მთელს მსოფლიოში მცხოვრებ სომხებში, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი. ამიტომაც, სრულიად სომეხი ერი ემორჩილიბა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს და მის კათოლიკოსს, რომლის რეზიდენცია მებარეობს იქ“2. შვიდ წელიწადში ერთხელ ნაკურთხი მირონი წმინდა ეჯმიაწინიდან სომეხთა ეკლესიის სხვადასხვა თემებში, მათ შორის ყველაზე შორეულში, მიაქვთ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიწინის საკათოლიკოსოს წარგზავნილებს - „ნვირაკებს“. მღვდელმსახურებს, რომელთაც მიაქვთ მირონი, ასე უწოდეს, ვინაიდან ისინი მიდიან წმინდა ეჯმიაწინიდან და კოლონიებში მცხოვრებ სომხებს უყვებიან სომხეთის სანუკვარი - „ნვირაკან“, სიწმინდეების შესახებ და უნაწილებენ სანუკვარ საჩუქარს - წმინდა მირონს, შემდეგ იმ ეპარქიებში აგროვებენ წმინდა ეჯმიაწინისთვის გადასხდელ გადასახადს - სულიერ ძღვენს. ასეთი წარგზავნილები განახორციელებენ როგორც სანუკვარი მირონის მიწოდებას, ასევე სულიერი ძღვენის მიღებას. მე -18 საუკუნეში დაწერილი „მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ნვირაკთა შესახებ“3, ინსტრუქციაში 12 პუნქტად განსაზღვრულია ნვირაკთა უფლებამოსილებები და მოვალეობები. აღნიშნული ინსტრუქციის მესამე პუნქტში ნათქვამია, რომ ნვირაკის მოვალეობაა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ყოველდღიურობაზე უამბოს ყველას, ვინც მოიკითხავს იქაური ვითარების შესახებ, როგორც მოიკითხავს მოსიყვარულე შვილი, და მათ უბოძოს წმინდა მირონი, რომელიც არის ყველაზე სუფთა რძე მათი ჯანმრთელი შთამომავლობისათვის, დედობრივი ძღვენი თავისი შვილებისთვის. შემდეგ პუნქტში ნათქვამია, რომ წარგზავნილებმა უპირველეს ყოვლისა, მადლიერებით უნდა მიიღონ ის საჩუქრები და ძღვენნი, რომელთაც წმინდა ეჯმიაწინის ახლობლები, მშობლისმოყვარე და ღვთისმოყვარე ჩვენი სომეხი ერი შვილობრივი სიყვარულის სითბოთი უძღვნიან მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს. სომხური სათვისტომოები რაც უფრო შორს იყო დედა სამშობლოდან, მით უფრო მცირე იყო კომუნიკაცია სამშობლოსთან, და შვიდ წელიწადში ერთხელ ჩასულ წარგზავნილებს, მათი მიტანილი საპატრიარქო ენციკლიკებით და წმინდა მირონით დედა სამშობლოს სანუკვარი სუნთქვა მიჰქონდათ და უყვებოდნენ სომხეთზე და სულიერ ნუგეშს სცემდნენ უცხოეთში მცხოვრებ შვილებს. ასეთი შორეული კოლონია იყო ასევე ინდოეთის სომეხთა ეპარქია, სადაც საკათოლიკოსოს წარგზავნილები დიდი სიძნელით აღწევდენენ, ძირითადად საზღვაო გზით, გადიოდნენ ბასრადან (ირაქი) და ინდოეთამდე აღწევდნენ ინდოეთის ოკეანის გადაცურვით. ამ გზაზე ისინი, ბუნებრივია, განიცდიდნენ ზღვის სტიქიის ღელვას და მეკობრეთა თავდასხმებს, მაგრამ უშიშარად წინ მოძრაობდნენ, რათა წმინდა ეჯმიაწინის კურთხევა და წმინდა მირონი რაც შეიძლებოდა დროულად მიეწოდებინათ შორეულ ინდოეთში მცხოვრები სომხებისთვის. წმინდა ეჯმიაწინის წარგზავნილთაგან ასეთი რთული გზა განვლო ეპისკოპოსმა ჰოვანეს პონტაციმ. წარგზავნილთა ჩვეული მარშრუტით ისინი ინდოეთში მიემგზავრებოდნენ ბასრადან, საიდანაც იგი, თანამგზავრებთან ერთად გემში ჩაჯდა 1762 წლის 20 იანვარს. 20 დღე გემით მგზავრობის შემდეგ, მათ მიაღწიეს ინდოეთის ბანდაჰარ სურათ საპორტო ქალაქ. იქაურ სომხურ სათვისტომოში ნვირაკის მისიის დასრულების შემდეგ, აპრილში გემით გაემგზავრა კალკათაში. ამ საზღვაო მოგზაურობამ სამოცვ დღეს გასტანა, და როდესაც გემი მიუახლოვდა ქალაქ კალკათას და ხმელეთი უკვე მოჩანდა, ეპისკოპოს ჰოვანეს პონტაცის აღწერით, როდესაც „გემი ხმელეთისგან ისეთ მანძილზე იყო, როგორი მანძილიცაა ერევანსა და წმინდა ეჯმიაწინს შორის, ძლიერი ქარიშხალი დაიწყო“. აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირისთვის, ვინც სამშობლოდან მოემგზავრებოდა, საზომი ერთეულია მანძილი სომეხთა სულიერი ცენტრიდან პოლიტიკურ ცენტრამდე, როგორც თავისებური სომხური საზომი ერთეული. მღელვარე ზღვაში გემმა რყევა დაიწყო, ზღვა ნაფოტივით ათამაშებდა გემს. მგზავრები ცდილობენ გაქცევას გემიდან, რომელიც იძირებოდა. გადადიოდნენ პატარა კატარღებში ან გემის ნაწილებს ეხვევოდნენ, რათა ოკეანის ტალღებს ისინი ხველეთზე გაერიყა და ასე გადარჩენილიყვნენ. თუმცა, ეპისკოპოსმა ჰოვანესმა რამდენიმე დღე დაჰყო გემზე, რომელიც იძირებოდა, შემდეგ გემი ნაწილებად დაიშალა. ეპისკოპოსმა, თანამგზავრებთან ერთად, გემის ფიცარს ჩაჭიდებული ნაპირამდე მიაღწია და სასწაულებრივად გადარჩა. ნაპირზე, პირქვე იწვა და ლოცულობდა, მადლობას უხდიდა უფალს გადარჩენისათვის. გემის ჩაძირვის დროს ეპისკოპოსს ზღვაში დაეკარგა წარგზავნილის სკივრი, საეპისკოპოსო სამოსი, საპატრიარქო ენციკლიკა და რამდენიმე წიგნი. ეპისკოპოსი გლოვობდა დანაკარგს, მაგრამ საოცრებით წმინდა მირონის ჭურჭელი მღელვარე ტალღებმა უვნებლად ნაპირზე გამორიყა. ეს მეორე დიდი სიხარული იყი მისი გადარჩენის შემდეგ. ეპისკოპოსი აღწერს წმინდა მირონის სასწაულებრივად გადარჩენას. „და ზღვას გადავურჩით ვარდავარის მარხვიდან ორი დღის შემდეგ, სამშაბათს, დილის საათებში - მზის ამოსვლის დროს, მივდიოდით ზღვის სანაპიროთი, ღვთაებრივი სასწაულით მოულოდნელად ვიპოვეთ წმინდა მირონი, მთელი და უვნებელი, თავისი თასით, ბაბთით შეკრული და დალუქული. ვიპოვეთ ისეთი, როგორიც იყო თავდაპირველად, ქარიშხლამდე, ისეთივე უვნებელი ვიპოვეთ და ჩვენს სიხარულს სიტყვით ვერ აღვწერ. იმავე სკივრში ბევრი წიგნი იყო, სამოსი და კიდევ ბევრი სხვა რამ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამორიყა ზღვამ, დაიკარგა. მხოლოდ წმინდა მირონი ვიპოვეთ“ , ავიღეთ და გახარებულები მივდივართ.4 შტორმმა ისინი დააშორა კალკათის ნაპირებს და გამორიყა ერთ უკაცრიელ სანაპიროზე, რომლის გასწვრივაც მათ მრავალი დღის მანძილზე იარეს, ადამიანის ან რაიმე დასახლების შეხვედრის იმედით. ამ გზაზეც მრავალი განსაცდელი გაიარეს. ერთ ღამეს, მიმდებარე ტყიდან ლომი გამოვარდა და შეჭამა შტორმს გადარჩენილი რამდენიმე ადამიანი. დანარჩენები სასწაულებრივად გადარჩნენ, რის შემდეგაც ისინი ღამეს ხეზე ათევდნენ, რომ მხეცების თავდასხმებს გადარჩენოდნენ. მრავალი დღის განმავლობაში ისინი მრავალი განსაცდელის და ნახევრადმშიერნი დაიარებოდნენ იქმანდე, სანამ შეხვდნენ ბრიტანეთის სამხედრო რაზმს, რომელმაც გადაარჩინა ისინი. მის თავს გადამხდარი საფრთხეების შესახებ მთავარი საკათედრო ტაძრის წარგზავნილი ეპისკოპოსი ჰოვანეს პონტაცი წერდა 1763 წლის 15 იანვარს, ბენგალიის ქალაქ სეიდიბადიდან. ჰაკობ შამახეცისათვის მიწერილ ამ აღწერილობითი წერილის ბოლოს იგი წერს, რომ მოკლედ აღწერა მის თავს გადამხდარი ტანჯვა და განსაცდელი, რომ უწმინდესი და უნეტარესი არ მოაწყინოს გრძელი ჩამონათვალით. წერილის ბოლოს ნათქვამია, რომ ის წერდა სურბ სარგისის მარხვის ოთხშაბთ დღეს, და თავს უწოდებს წმინდა ეჯმიაწინის უღირს წარგზავნილს და უწმინდესისა და უნეტარესის უსარგებლო მსახურს. აი ასე, დიდი სირთულეების დაძლევით წმინდა ეჯმიაწინის წარგზავნილებს უცხოეთში მცხოვრებ სომხობამდე მიჰქონდათ მთავარი საკათედრო ტაძრის კურთხევა და წმინდა მირონი. ამით ისინი იქცეოდნენ ცოცხალ დამაკავშირებელ რგოლად მთავარ საკათედრო ტაძარსა და კოლონიების სომხებს შორის.
არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი |