1geo

fb you od

გავიცნოთ, მივიღოთ ერთმანეთი და ვიყოთ ტოლერანტულები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სტატიები

5405IMG 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანის სიტყვა 2016 წლის 25 ივლისს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“

თავისუფალი ნება ადამიანისთვის შემოქმედის მიერ ბოძებული უდიდესი ჯილდოა. მსოფლიო მრავალფეროვანია: ტრადიციული ისტორიული რელიგიების იუდეველობის, ქრისტიანობის, ისლამის გვერდით არსენობს აგრეთვე სხვა რელიგიური ორგანიზაციები და კონფესიები. მთელი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობას მრავალჯერ განუცდია მღელვარება ომების, გენოციდების, გადასახლებების გამო. მსოფლიო დღესაც აღელვებულია, შუა აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხი ომის ცეცხლშია გახვეული, ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს კლავს და ანადგურებს ღვთისა და რელიგიის სახელით, ანადგურებს ტაძრებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა და მნიშვნელობის მქონე კულტურულ ძეგლებს, მაგრამ ეს ბოროტმოქმედები უფალს არ ეზიარებიან. სამწუხაროდ, კაცობრიობამ ათასწლეულების მანძილზე ვერ ისწავლა ღმერთისა და სარწმუნოების გულისთვის თავისი მსგავსის პატივისცემა, შეწყნარება და სიყვარული.

აწ გარდაცვლილი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ პირველი ამბობდა, რომ გულგრილობა მერვე მომაკვდინებელი ცოდვაა: როდესაც ხედავ ღვთის მიერ შექმნილი სხვა ადამიანის ტკივილს, გაჭირვებას, მწუხარებას, შიმშილს, ავადმყოფობას და არაფერს აკეთებ მის დასახმარებლად, ცოდვას ჩადიხარ.

ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანული ეკლესიების მიმდევრებს, ებრაულ სათვისტომოს, მუსლიმებს, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ამჟამად მსოფლიოსა და, განსაკუთრებით, შუა აღმოსავლეთში მცხოვრებ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხებს, როგორ შეგვიძლია გულგრილნი არ დავრჩეთ მათი ტკივილისადმი? ჩვენ არ გაგვაჩნია მრავალათასიანი ჯარი და სათანადო იარაღი, რათა დავეხმაროთ და სიკვდილის კლანჭებისგან დავიხსნათ გაჭირვებაში ჩავარდნილი ხალხი, დაუცველი ბავშვები და მოხუცებულები. ამის გაკეთება მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომელთა მატერიალური და სამხედრო ძალა მათ თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკის კარნახისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ვილოცოთ, რომ ძლევამოსილი სახელმწიფოების ლიდერები, გადაწყვეტილებების მიღებისას, გულგრილნი არ ივნენ, არამედ ახსოვდეთ და გულმოწყალება გამოიჩინონ გაჭირვებულთა და მძიმე მდგომარეობაში მყოფთა მიმართ.

ჩვენ, საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებმა, საქართველოში მშვიდობიანი, ტოლერანტული თანაცხოვრებითა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით მოპყრობით ჩვენი ცხოვრების წესი და ანდერძი დავუტოვოთ მსოფლიოსა და მომავალ თაობას. ამგვარად ჩვენი შვილების აღზრდით უმცირესს გავაკეთებთ, რათა მათ გულგრილნი არ იყვნენ სხვისი ტკივილისა და გაჭირვების მიმართ და გააცნობიერონ, რომ განსხვავებულობა მოწინააღმდეგობას ან მტრობას არ ნიშნავს.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, უკეთესი საქართელოსთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის, არა უარვყოთ და არასათანადოდ დავაფასოთ სხვა ეროვნების ან სხვა რელიგიის წარმომადგენლები და უმცირესობები მათი განსხვავებულობის გამო, არამედ ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ და მივიღოთ ისინი ისე, როგორებიც არიან. ჩვენი განსხვავებულობა და არაერთგვაროვნება არ გვაშორებს, არამედ გვამშვენებს. წმიდა წიგნი გადმოგვცემს შემდეგს: „გიყვარდეთ ერთმანეთი“, ის არ გვასწავლის, რომ გვიყვარდეს კონკრეტულად ებრაელი, ქრისტიანი, მუსლიმი ან სხვა რელიგიის თუ ეროვნების წარმომადგენელი, არამედ ამბობს: გიყვარდეთ ერთმანეთი, ანუ ყველა. ჩვენი სილამაზე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. როგორი სამწუხარო იქნებოდა, რომ ყველა ერთნაირები ვყოფილიყავით, ერთნაირი აზროვნება და ვარცხნილობა გვქონოდა, ერთი და იგივე ტანისამოსი გვცმოდა. სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების წარმომადგანლები საქართველოს სიმდიდრე არიან. ჩვენმა საზოგადოებამ მაქსიმალურად დადებითი უნდა აიღოს ამ მრავალფეროვნებიდან. საქართველოში სხვადასხვა ეროვნების ურთიერთპატივისცემით და მშვიდობიან თანაარსებობას ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია პატივისცემითა და სიყვარულით ვეპყრობით ქართულ მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიას და საქართველოში მოქმედ სხვა ეკლესიებს, მუსლიმურ, ებრაულ სათვისტომოებს და ყველა ეროვნულ თუ რელიგიურ უმცირესობას. და იმავეს ველოდებით მათგან, ხაზს ვუსვამთ რა, რომ ჩვენი განსხვავებულობა არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოწინააღმდეგენი უნდა ვიყოთ. ჩვენი ეროვნული და რელიგიური თავისებურებები და ტრადიციები განსაკუთრებული ნიშანია, რომელსაც ყველანი ვატარებთ, როგორც მრავალეთნიკური საქართველოს მოქალაქეები.

ჩვენს საზოგადოებას - ქართველ ხალხს, ქართულ ეკლესიას, უმცირესობებს გარკვეული პრობლემები აქვს. ზოგი პრობლემა ახასიათებს პოსტსაბჭოურ ქვეყნებს და ამ პრობლემების უმეტესობა საბჭოთა კავშირის 70-წლიან ღვთისგან განდგომის პერიოდში გაჩნდა.

საქართველოს სახელმწიფომ უკანასკნელ წლებში დადებითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო წარსულის შეცდომების გამოსწორების და საბჭოთა წლებში ღვთისგან განდგომის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისა და ადამიანების დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ჩვენ, როგორც საქართელოს კანონმორჩილი და გადასახადების გადამხდელი მოქალაქეები, ველით, რომ ჩვენი სახელმწიფო გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და სამუდამოდ შეხორცდება როგორც ქართველი ერის, აგრეთვე დანარჩენი რელიგიური უმცირესობების - წარსულში გახსნილი ჭრილობები.

ზოგჯერ ადამიანები ან სათვისტომოები ერთმანეთს არ აღიარებენ, არ უყვართ ერთმანეთი, იმიტომ რომ არ იცნობენ ერთმანეთს. როდესაც ადამიანს უყვარს ვინმე ან რამე, ის მისთვის უცნობი არ არის. ამრიგად, იმისათვის, რომ შეიწყნარო და მიიღო ვინმე, უნდა გაიცნო იგი ან უნდა იცნობდე მას. ერთმანეთთან საუბარი ყოველთვის ჯობია დუმილს. როგორც ამბობს დალაი ლამა, „უმჯობესია, რომ ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკონ, ვიდრე ერთმანეთის შესახებ ილაპარაკონ“. ამიტომ, არც ერთი სტერეოტიპი ან კომპლექსი არ უნდა გვიშლიდეს ხელს, რათა შედგეს დიალოგი და შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი.

ჩვენი აზრით, სხვადასხვა რელიგიური სათვისტომოებისა და ეროვნული უმცირესობების ერთმანეთთან და უმრავლესობასთან გაცნობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ტელევიზიას და მასმედიის საშუალებებს შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო და კერძო ტელეარხები საკმაო ინტერესს გამოხატავენ და მრავალათასიან სატელევიზიო აუდიტორიას სათანადოდ წარუდგენენ სხვადასხვა რელიგიური სათვისტომოებისა და ეროვნული უმცირესობების სულიერ და ეროვნულ მნიშვნელოვან დღესასწაულებსა და ტრადიციებს, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხელს შეგვიწყობს ერთმანეთის უკეთესად გაცნობაში, პატივისცემაში და ერთმანეთის მიღებაში.

საქართველოს დღევანდელ რეალობაში დიდ ნაკლად მიგვაჩნია ის, რომ ტელეარხები ხშირად თავს არიდებენ უმცირესობათა მნიშვნელოვანი დღესასწაულებისა და ღონისძიებების გაშუქებას, რის გამოც ქართული საზოგადოება ხშირად ინფორმირებული არ არის მის გვერდით მცხოვრები უმცირესობების შესახებ. სხვა ქვეყნების მაგლითების გათვალისწინებით, გვწამს, რომ ტელეარხების მიერ უმცირესობებისთვის უფრო მეტი პლატფორმისა და დროის გამოყოფა ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს მცხოვრებლებმა ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ, უფრო მეტად გავუგოთ ერთმანეთს და მივიღოთ ერთმანეთი.

სომეხთა კათოლიკოსი ნერსეს შნორალი (მე-12 საუკუნე) თავის ნაშრომში „წერილი მრწამსის აღიარებისა“ წერს შემდეგს: „ერთობა მთავარ საკითხებში, თავისუფლება მეორეხარისხოვანში და სიყვარული ყველაფერში“. რვაასი წლის წინ გამოთქმული ეს ბრძნული აზრი დღესაც აქტუალურია.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მრავალეთნიკურ საქართველოში მცხოვრები ხალხები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)