1geo

fb you od

არქიმანდრიტ მამა ხორენ ჰოვანისიანის ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სტატიები

hayr khorenn

თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“ (მარკოზი 8:34).

საყვარელნო დანო და ძმანო, დღევანდელ დღესასწაულს ორი მნიშვნელობა აქვს. პირველი - ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელიც აღიარებულია ყველა ისტორიკოსის მიერ, კაცობრიობის და, მითუმეტეს ჩვენ მიერ - ქრისტიანთა მიერ. და მეორე - მისი სულიერი მნიშვნელობაა - ჯვრის მაცოცხლებელი და ცხოველმყოფელი ძალის საიდუმლო. სპარსეთის ხოსრო მეფეს (ბევრმა თქვენგანმა იცის ისტორიიდან) იერუსალიმის დაპყრობა სურდა. 614 წელს მან დაიპყრო წმიდა ქალაქი, მოსახლეობის დიდი ნაწილი დახოცა, ხოლო დანარჩენი ტყვედ წაიყვანა სპარსეთში. სპარსელებმა გაიტაცეს საუფლო ჯვარი. ამ შემთხვევის გამო მთელი ქრისტიანული სამყარო მღელვარებდა. ჰერაკლე კეისარმა ჯარი შეკრიბა და სპარსეთის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა, რათა საუფლო ცხოველმყოფელი ჯვარი წმიდა ქალაქში დაებრუნებინა. დიდება ზეციერს! ჩვენი მამების პატივსაცემად წმიდა ჯვრის დასაბრუნებლად წასული ჯარის შემადგენლობაში იყო სომეხი მხედართმთავრის, მჟეჟ გნუნის პოლკი. ჩვენს მამებს ამ ღვთისნიერ საქმეში თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი, და ეს ჩვენი ხალხის სიამაყეა. როდესაც მათ საუფლო ჯვარი სპარსეთიდან ჩამოაბრძანეს, დაბრუნებისას ჯარმა სომხური ქალაქი კარინი გაიარა, სადაც ჯვარი აღმართეს ხალხის დასანახად და ღვთის სადიდებლად. შემდეგ კონსტანტინოპოლის გავლით იერუსალიმში ჩააღწიეს და ჯვარი წმიდა ქალაქში ჩააბრძანეს.

რას წარმოადგენს ჯვარი ჩვენთვის? ჯვარი ჩვენი სარწმუნოების, ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. რას წარმოადგენდა ჯვარი ქრისტემდე, და რას წარმოადგენს ეხლა? თქვენთვის ცნობილია, რომ ქრისტემდე ჯვარი რომის იმპერიაში სამარცხვინო სიკვდილის იარაღად ითვლებოდა. ის იყო სიკვდილით დასჯის ყველაზე სასტიკი ფორმა. ჯვარზე გაკვრით ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩამდენთ სჯიდნენ. ჩვენი უფალი ნებაყოფლობით ევნო, გაეკრა ჯვარზე, და ეს იყო მისი სიტყვიერი სამწყსოს, ანუ ჩვენ მიმართ მისი უდიდესი სიყვარულის გამოხატულება. მაგრამ, სასწაულებრივად, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ჯვრის არსი მთლიანად შეიცვალა. ეს სასწაულია და ისტორიული ჭეშმარიტება. ქრისტემდე ჯვარზე გაკვრით ყველაზე სასტიკი დანაშაულის ჩამდენთ სჯიდნენ, ეს შეურაცხმყოფელი სიკვდილი იყო. ჯვარზე გაკრული ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაში სისხლისგან იცლებოდა. ასეთი შეურაცხყოფისა და სიკვდილის იარაღი იყო ძელი, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმით იქცა გასაღებად, რომლითაც სამოთხის კარი უნდა გაღებულიყო.

ცხოველმყოფელი ჯვარი უფლის წამების, ჯვარცმისა და, ბოლოსდაბოლოს, სასწაულებრივი აღდგომის გამოსახულებაა. იესომ გვასწავლა, თუ როგორ უნდა ატარებდეს წმიდა ჯვარს ჭეშმარიტი ქრისტიანი: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“. ავიღოთ ჯვარი და მივდიოთ ქრისტეს: ეს არ არის მხოლოდ სიტყვა ან უბრალოდ ფილოსოფია, საყვარელნო დანო და ძმანო. ჯვრის აღება და ქრისტეს მიდევნა ცხოვრების წესია, ყოველდღიური ყოფაა. ქრისტეს მიდევნა საკუთარი თავის უარყოფას და ქონების გაღებას ნიშნავს. მსხვერპლის გაღების, გაჭირვებისა და სიძნელეების გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მსხვერპლის გაღებისა და თავგანწირვის გარეშე არავის შეუძლია, საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდოს. მსხვერპლის გაღება ნიშნავს უარის თქმას საკუთარ ქონებაზე, ძვირფას ნივთზე, რომელიც სხვას აკლია, განსაკუთრებით, როდესაც ასეთ მსხვერპლს ღმერთის სადიდებლად იღებ. საყვარელნო დანო და ძმანო, ჭეშმარიტი თავგანწირვა ის არის, როდესაც ღვთის სადიდებლად საკუთარი ჯიბიდან და ქონებიდან გაიღებ სხვისთვის. ერთი სიტყვით მე ამას სიყვარულს ვუწოდებ. თავგანწირვა ჩემთვის სიყვარულის საზომი ერთეულია. ვისაც ძლიერი სიყვარულის უნარი აქვს, იმას ბევრის გაღებაც შეუძლია. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, იმას არ ესმის თავგანწირვისა და მსხვერპლის გაღების არსი. ვისაც ძლიერი სიყვარულის უნარი აქვს, იმას ბევრის გაღება შეუძლია, რადგანაც უყვარს თავისი მსგავსი და ამას ზეციერი მამის სადიდებლად აკეთებს. როდესაც ჩვენ გავცემთ, ამით ვმდიდრდებით და, როგორც ამბობს დიდი დასავლელი სომეხი მწერალი: „ცხოვრებიდან დამრჩა მხოლოდ ის საკვირველება, რაც სხვას გავეცი“. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ასე იცხოვრა, ყველა წმინდანმა ასე იცხოვრა. დღეს იგივე ჩვენგანაც მოითხოვება. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, და უფალს სურს, რომ მის მსგავსად ვიცხოვროთ, იმ სულისკვეთებით, რომლითაც ნეტარნი და მოციქულნი ცხოვრობდნენ.

ჯვარი ჩვეულებრივი სამკაული და სიმბოლო არ გახლავთ. მას მოწიწებით, კრძალვით, ძრწოლით, უმაღლესი პატივისცემით უნდა განვადიდებდეთ. რადგანაც ჩვენი შემოქმედი - ყველა სიკეთის შემქმნელი ევნო ჯვარზე და გარდაიცვალა ჩვენი ცოდვებისთვის. ამიტომაც ჯვარს ჩვეულებრივი სამკაულივით არ უნდა ვუყუროთ, არამედ განსაკუთრებული ძრწოლითა და მოწიწებით უნდა ვადიდებდეთ. პავლე მოციქული თავის წერილში ფილიპელებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, – მამა ღმერთის სადიდებლად“ (ფილიპ. 2:5-11).

საყვარელნო დანო და ძმანო, ჩვენი უფალი, ჯვარზე ავიდა და ევნო. მან თავისი ცხოვრება გამოსასყიდად გაიღო ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ცოდვა არ ჰქონდა ჩადენილი. იესო მოვიდა, რათა ჩვენი ცოდვები გამოესყიდა, და ნებაყოფლობით ეცვა ჯვარს. ქრისტეს მოძღვრების ღერძი ჯვარზე სიკვდილია და სიკვდილის შემდეგ - ხსნა, აღდგომა და მარადისობა. ჩვენც ასე ვგრძნობთ და აღვიქვამთ ცხოველმყოფელ წმიდა ჯვარს დღეს? ჯვრის მიმართ თავიანთი მოწიწება და პატივისცემა გვაჩვენეს ანდრია და პეტრე მოციქულებმა. და ჩვენ მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი. მადლობა უფალს, დღეს ჩვენ არ მოგვეთხოვება, რომ ჯვარზე ავიდეთ, დღეს ჩვენ სისხლი არ მოგვეთხოვება. როდესაც პეტრე მოციქულს აწამებდნენ, მან თავისი უკანასკნელი სურვილი და გულის წადილი გამოთქვა. იმდენად დიდი იყო მისი პატივისცემა და მოწიწება წმიდა ჯვრის მიმართ, რომ მან ისურვა, რომ ის თავდაყირა ეცვათ ჯვარს, რათა უფლის თანასწორი არ გამხდარიყო და მისი ხატება არ მიეღო. ეს არის ჭეშმარიტი დამოკიდებულება წმიდა ჯვრის მიმართ. ჩვენც ასეთი მოწიწებით, ასეთი უზენაესი და უპირობო პატივისცემით უნდა განვადიდებდეთ წმიდა, ცხოველმყოფელ ჯავრს ყოველდღე. უფლის პატიოსანი ჯვარი ხსნის გზაა, რადგანაც ის ღმერთის წამებისა და გამარჯვების ნიშანია. ქრისტე ჯვარზე ევნო, მაგრამ სიკვდილის შემდეგ აღდგა და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა სატანას, ბოროტებას, რომლის გამოც სიკვდილი ქვეყნად გაბატონდა. ქრისტემ თავისი სიკვდილით უკვდავება ამ ქვეყანაზე დააბრუნა, ჩაახრჩო და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ბოროტებას, და ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ კიდევ ერთხელ ღირსნი ვყოფილიყავით ცათა სასუფევლისა და მარადისობისა.

დღეს, სამწუხაროდ, ცხოველმყოფელი ჯვარი ბევრისთვის ხსნის იარაღს აღარ წარმოადგენს, და, სამწუხაროდ, უმრავლესობა მას სამკაულივით ატარებს. საყვარელნო დანო და ძმანო, ჯვარი იმედია: არასოდეს შეგეშინდეთ, აიღოთ ჯვარი და მისდიოთ იესოს. ეს არის უფლის ანდერძი, და არასოდეს იყოყმანოთ ამ საკითხზე, რადგანაც რაც დღეს ჯვარი და წამებაა, ხვალ შეიძლება ნეტარებად იქცეს, რაც დღეს ჯვარი და წამებაა, ხვალ შეიძლება უკვდავებად იქცეს, რაც დღეს ჯვარი და წამებაა, ხვალ შეიძლება აღდგომად იქცეს. ამიტომ, აიღეთ თქვენი ჯვარი და მისდიეთ იესოს და არასოდეს იყოყმანოთ. მე ვლოცულობ, რომ საუფლო ჯვარი გფარავდეთ თქვენ, ჩვენს ხალხს და, განსაკუთრებით, იმ ჯარისკაცებს, რომლებიც სომხეთისა და არცახის საზღვრებს იცავენ. თქვენს ლოცვებში მოიხსენიეთ ჩვენი ჯარისკაცები აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

სურბ გევორგის საკათედრო ტაძარი

თბილისი, 2016 წლის 11 სექტემბერი