წმინდა ანტონი განდეგილის ხსოვნის დღე
წმინდანად წოდებული ქრისტიანი განდეგილი. დაიბადა შეძლებული ქრისტიანი კოპტის ოჯახში. ქონება გლახაკებს დაურიგა და 20 წლისა უდაბნოში, წითელი ზღვის ახლოს დასახლდა. ქრისტიანული ეკლესია ანტონი დიდს მონაზვნური ცხოვრების ფუძემდებლად მიიჩნევს. მას უწოდებენ ”მონაზვნების მამას”. ითვლება შინაური პირუტყვების მფარველად. წმინდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ანტონი საკუთარი შრომის ნაყოფით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც გასცემდა. ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები, „რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით”. დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად და ცდილობდა, ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი შექმნილიყო. იგი სიხარულს ჰგვრიდა ყველას, არავის აწუხებდა. სოფლელებს და მეგობრებსაც უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა, „რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვიდა“. კეთილმოძულე და მოშურნე ეშმაკმა ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მას – საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს. ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: „ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა”. შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი დიდებული გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ, მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას. სომეხთა სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განდეგილებს და აქვს მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. აღნიშნის თარიღი21.07.2008
|