წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2015 წლის 10 ოქტომბერს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სათანადოდ აღინიშნა სომეხი ადამიანის ყველაზე სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო ეს დღესასწაული და ყველა ეკლესიაში აღავლინეს საღმრთო ლიტურგია. თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა სპეციალურად, მომლოცველებთან ერთად, დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ჩამოსულმა დილიჯანის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა შავარშ სიმონიანმა,. საღმრთო ლიტურგიის დროს, მქადაგებელმა მღვდელმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე, განმარტა ღვთის სიტყვის მნიშვნელობა ყოველი მორწმუნის ცხოვრებაში და მოუწოდა დედა სამშობლოსა და დიასპორაში მთარგმნელი ვარდაპეტების მიერ შექმნილი სომხური დამწერლობის გავრცელებისკენ, სომხური ენის დაცვისა და შენარჩუნებისკენ, რომელიც არის ჩვენი იდენტობის მთავარი გარანტი. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც ჯგუფს შეუერთდნენ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი ზარუჰი ფოსტანჯიანი, ერევნის ფრანგული სკოლის დირექტორის მოადგილე ანუშ გევორგიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინატორი კარინე მანუკიანი, საკვირაო სკოლის მასწავლებელი როზა ზოჰრაბიანი და სხვები. სომეხ დიდებულთა საფლავები შეამკეს ყვავილებით, შემდეგ სულიერმა მამებმა -მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა და მღვდელმა შავარშ სიმონიანმა შეასრულეს პანაშვიდის წესი, წმინდა ვარდაპეტების მფარველობის ვედრებით. დღესასწაულის მნიშვნელობასა და მისი თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრეს მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, დეპუტატმა ზარუჰი ფოსტანჯიანმა და რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა. |