საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები „ილიაობის“ დღესასწაულზე |
2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი და მისი თანმხლები პირები ყვარელში დაესწრნენ ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178-ე წლისთავისადმი მიძღვნილ „ილია და რელიგიური შემწყნარებლობა" გამოფენის გახსნას, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიერ. ცერემონიის დამსწრე ქართული მართლმადიდებელი, სომხური სამოციქულო ეკლესიების, ებრაული და მუსულმანური რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის გამოფენის ექსპონატები, გაეცნნენ ილია ჭავჭავაძის, ნიჭიერი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის დიდ ჰუმანურ მოღვაწეობას, რისთვისაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ და ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტმა სერგი ჩეკურიშვილმა გამოსვლაში ხაზი გაუსვეს საუკუნეების მანძილზე საქართველოში ჩამოყალიბებულ ტოლერანტულ ატმოსფეროს და იმ გადამწყვეტ როლს, რაც ამ თვალსაზრისით ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით გამოფენას მიესალმა არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, მადლობა გამოხატა მოწვევისათვის და გაოცება გამოთქვა იმ მრავალფეროვნებისა და ტოლერანტული გარემოსთვის, რომელიც სუფევს საქართველოში. მამა ხორენმა დაიმოწმა მე-12 საუკუნის თეოლოგისა და სრულიად სომეხთა კათოლიკოს წმინდა ნერსეს შნორჰალის სიტყვები: "ერთობა - მნიშვნელოვან საკითხებში, თავისუფლება - უმნიშვნელო საკითხებში და სიყვარული - ყველგან“ და დასძინა: „ეს სიტყვები დღეს ისეთივე აქტუალურია, როგორც 9 საუკუნის წინ, და ჩვენ, საქართველოში მცხოვრებლებმა უნდა ვიხელმძღვანელოთ იმავე პრინციპით, ჩვენ ყველა იგივე და ერთადერთი შემოქმედის შვილები ვართ და ერთნი ვართ მაგით, ჩვენი განსხვავებები კი მხოლოდ გვამშვენებს“, - დაასრულა არქიმანდრიტმა ხორენმა. რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო სახლ-მუზეუმს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და მუზეუმს გადაეცა საჩუქრები. |