საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საზეიმოდ აღინიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღე |
სიახლეები |
2016 წლის 14 აგვისტოს, სომხურმა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ დიდი პომპეზობით აღნიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღე - სომეხთა ეკლესიის ხუთ უდიდეს დღესასწაულთაგან მეოთხე. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უძველესი დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში. დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების ეზოებსა და ტაძრებში. სულიერმა მსახურებმა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით, ეკლესიის საკურთხეველი გააწყვეს დღის სიმბოლოთი - ყურძნის სხვადასხვა სახეობით და ხილით. დილის ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიებში შესრულდა ანდასტანის წესი. აკურთხეს სამყაროს ყველა მხარე და ხალხები. შემდეგ აღევლინა საღმრთო ლიტურგია. „სურბ გევორგ“ ეკლესიაში სადღესასწაულო წმიდა წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წმიდა წირვას ესწრებოდნენ საქართველოს სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები. არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიისკენ, ხალხი მოდიოდა ყურძნისა და სხვადასხვა ხილის ლამაზი კალათებით, ლამაზად გაწყობილი ლანგრებით, უფლის კურთხევის მიღების მოლოდინით. წმიდა წირვის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე და დღესასწაული მიულოცა მორწმუნეებს. ეპარქიის წინამძღვარმა კურთხევის და შეფასების სიტყვით მიმართა თბილისის ეკლესიების ჯვრის ნათლიებს იური ერემიანს და კარენ სარგსიანს, ხის დამმუშავებელ სამველ პოღოსიანს, ეკლესიებთან მოქმედ ქალთა კავშირების წევრებს, რომელთაც ნამდვილად საზეიმოდ აქციეს დღესასწაული. სულიერი მამების მიერ წაკითხულ იქნა ნერსეს შნორჰალის ლოცვა, რომელიც ეძღვნება ყურძნის კურთხევას. ეკლესიებში მქადაგებლებმა, სამღვდელოებასთან ერთად საზეიმოდ შეასრულეს ტრადიციული ყურძნისა და წლის ჭირნახულის კურთხევის წესი. საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინა და ყურძნის კურთხევა შესრულდა ასევე სამცხე-ჯავახეთის, ბათუმის, ქვემო ქართლისა და სხვა სომხურ ეკლესიებში. ახალქალაქის "სურბ ხაჩ“ ეკლესიაში წირვა აღავლინა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა. წირვას დაესწრო მრავალი მორწმუნე და მებანაკე. წირვამ და ყურძნის კურთხევამ დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ადგილობრივ მცხოვრებლებში და ანუგეშა ისინი. ყურძნის კურთხევის შემდეგ ეკლესიის ეზოში მებანაკეთა ძალებით გაიმართა საზეიმო კონცერტი. ადგილობრივ მრავალ თემში დილიდან ღვთისმსახურება აღავლინეს და ყურძნის კურთხევა ჩაატარეს სამცხე -ჯავახეთის ვიკარიატის მღვდლებმა. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოსული მრავალი სომეხი და უცხოელი. ყურძნის კურთხევის შემდეგ აჭარის, გურიის და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის მიერ ნაკურთხი ყურძენი და ხილი დაურიგდა დამსწრეებს. ორშაბათს დილიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში გადაიხდიან მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს. |