გიუმრის სიმფონიური ორკესტრი თბილისში |
სიახლეები |
2016 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრმა "მუზა" უმასპინძლა დედაქალაქის ხელოვნების მოყვარული სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, საკონცერტო პროგრამით საქართველოს დედაქალაქში იყო ჩამოსული გიუმრის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორ ერვანდ ვაროსიანის ხელმძღვანელობით. დამსახურებული ორკესტრის კონცერტი მიეძღვნა სომხეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს. სიმფონიურ კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, პოეტი-თარჯიმანი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში ელინა მკრტჩიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის ისნის რაიონიდან დავით ჭიჭინაძე და სხვები. დამსწრეებს მიესალმა სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შირაკის რეგიონის გუბერნატორის მრჩეველი ჰასმიკ კირაკოსიანი და კულტურის ქალაქ გიუმრის სახელით ქედი მოიხარა სომხური კულტურის ოდინდელი ცენტრისა და ფუძემდებლების შეკრების ადგილის - ქალაქ თბილისის წინაშე, და კონცერტს უწოდა დამოუკიდებელი სომხეთისა და საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებისა და განმტკიცების კიდევ ერთი დასაფიქსირებელი ფაქტი. გამომსვლელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ვისი კურთხევით რეალობად იქცა აღნიშნული ღონისძიება. ქალბატონმა ჰასმიკ კირაკოსიანმა მადლობა გადაუხადა "ჰაიარტუნ" ცენტრსა და მის ხელმძღვანელს, ლევონ ჩიდილიანს, საქართველოში სომხეთის საელჩოს, გაწეული საორგანიზაციო დიდი სამუშაოსთვის. გიუმრის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო პროგრამა მდიდარი იყო. სოლისტების - კარაპეტ შაბოიანის, მერუჟან გევორგიანის მონაწილეობით ორკესტრის შესრულებით გაიჟღერა სომეხი, ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ნაწარმოებებმა. ბრწყინვალე კონცერტის მშვენიერ კულმინაციად იქცა რევაზ ლაღიძის „საჭიდაო“. გიუმრელების კონცერტის პარალელურად თბილისის ხელოვნების მოყვარულმა საზოგადოებამ იხილა მისთვის კარგად ნაცნობი სუსანა მკრტჩიანის ნამუშევრები. გიუმრის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი თბილისის კულტურული ცხოვრების კიდევ ერთ მშვენიერ გვერდად იქცა. |