საქართველოს სომეხი სტუდენტები "ჰაიარტუნ" ცენტრში |
სიახლეები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივითა და ეპარქიის მხარდაჭერით, 2016 წლის 12 ნოემბერს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა სომეხ ახალგაზრდებთან, რომლებიც სწავლობენ თბილისის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დარბაზში ადგილები ეკევა ასამდე სტუდენტს, რომლებმაც დაამთავრეს თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებისა და სოფლების სკოლები და ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამაზე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა სპეციალობებზე. დამსწრეებს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი. მან ისაუბრა საქართველოში სომხური სათვისტომოს წარსულ და დღევანდელ მდგომარეობაზე, ეროვნული ღირებულებებისა და სომხური კვალის, მშობლიური ენის შენარჩუნებასა და ეროვნული ტრადიციების თაობებისათვის გადაცემის მნიშვნელობაზე. ცენტრის დირექტორმა ახალგაზრდებს მოუწოდა სათვისტომოს ცხოვრებაში ჩართვისკენ, ასევე მოუწოდა, რომ მათ იხელმძღვანელონ ეროვნული ერთიანობის იდეით და გახდნენ საქართველოს სომხური სათვისტომოს წინსვლის მონაწილენი. სტუდენტებთან სამუშაოთა კოორდინატორმა ნინა სეროპოვამ სლაიდებით წარმოადგინა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების საინტერესო და შინაარსიანი ყოველდღიურობა, საქმიანობის ერთი წლის ჭრილში. გამომსვლელმა დამსწრეებს მოუთხრო იმ შეხვედრებისა და ვიზიტების, სპორტული შეჯიბრებებისა და გასართობი თამაშების, საქველმოქმედო ვიზიტებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების, ექსკურსიებისა და მომლოცველობების შესახებ, რომლებიც ხორციელდება ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების უშუალო ინიციატივითა და ორგანიზებით. ნინა სეროპოვამ ხაზი გაუსვა არა სომეხი სტუდენტების გარემოში სომხური იდენტობის შენარჩუნებას და სომეხი ადამიანის სათანადოდ წარმოჩენას უწოდა თითოეული სტუდენტის მოვალეობა. საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა, ქართული ეროვნული და კულტურული ღირებულებების პატივისცემა სომეხი ახალგაზრდების სამოქალაქო ვალია და ეს უნდა გახდეს ქართულ საზოგადოებაში სომეხი ახალგაზრდის ინტეგრაციის წინაპირობა, - თავის გამოსვლაში განაცხადა „მშვიდობის ფონდის“ თავმჯდომერემ - გიორგი თუმასიანმა. შეხვედრა შეაჯამა ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. სულიერმა მამამ მონაწილეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მფარველობა. მამა ვირაპმა ხაზი გაუსვა ეკლესიაში სიარულისა და ლოცვის მნიშვნელობას და ახალგაზრდებს მოუწოდა ლიტურგიებსა და სხვა საეკლესიო ცერემონიებში მონაწილეობისკენ, ვინაიდან სომეხთა ეკლესიის ერთ-ერთი მისია ნამდვილი ქრისტიანის აღზრდაა, ასევე დიასპორაში ერის შვილების ეკლესიასთან დაახლოება და მის გარშემო კონსოლიდირება. შეხვედრის მიზანი იყო ასევე სომეხი ახალგაზრდების ერთმანეთთან გაცნობა. ამას ხელი შეუწყო საეპისკოპოსოს მიერ მოწყობილმა მასპინძლობამ. სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი პრობლემები, რომელთა დაძლევაში მაღალი კურსების სტუდენტებმა დახმარება შესთავაზეს თავიანთ თანამემამულეებს. |