„აიბ“ საგანმანათლებლო სისტემის საქმიანობის გაცნობა |
სიახლეები |
2016 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდობის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრებილებს აინტერესებდათ სომხეთის რესპუბლიკაში და დილიჯანში მოქმედი „აიბ“ საგანმანათლებლო სისტემის საქმიანობა. საქართველოს სომხური სათვისტომოს ოცნებათაგან ყველაზე აქტუალური ეროვნული სკოლის შექმნაა, აქედან გამომდინარე დიდი იყო ინტერესი იმ სკოლის გარემოს მიმართ, რომელსაც აქვს დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლა. ამ შეხვედრისათვის ერევნიდან სპეციალურად იყო ჩამოსული „აიბ“ სკოლის დირექტორი არამ ფახჩანიანი, რომელმაც დაწვრილებით წარმოადგინა ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელით მოქმედი აღნიშნული სკოლა. დირექტორმა ისაუბრა ათი წლის ისტორიის მქონე სკოლის, საგანმანათლებლო სისტემის, „აიბ“ ფონდის შექმნის შესახებ, ასევე რამდენიმე ახალგაზრდის მიერ სომხეთში მშობლიურ ენაზე მაღალკვალიფიციური სკოლის შექმნის მოსაზრებაზე, რომლის ხორცშესხმით დღეს უკვე მოქმედებს ზოგადი განათლების ისეთი მოდელი, რომლის მსგავსი რეგიონში არ არის. ბატონმა ფახჩანიანმა განმარტა იმ სკოლის სტრუქტურა, სწავლების მეთოდოლოგია, სადაც სხვადასხვა საგნების კომბინაციით უზრუნველჰყოფენ საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიან განათლებას. „აიბ“ სკოლაში თითქმის არ არის კლასები, არის ჯგუფები, რომლებიც იქმნება სპონტანურად, არ არის კლასის დამრიგებელი და შეფასების სისტემა, არ არის დღიურები და საკლასო ჟურნალები. სამაგიეროდ მოქმედებს ელექტრონული სისტემა, შეფასება სრულდება დამახასიათებელი რეაგირების მეშვეობით. ციფრული შეფასებისათვის გამოიყენება 100-ქულიანი სკალა. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობას და სამართლიანობას, აღნიშნა, რომ აღნიშნულ სკოლაში სწავლება სომხურ ენაზეა, სასწავლო პროგრამა ყოვლისმომცველი. აქ განათლებას იღებს ის თაობა, რომელსაც უნარი შესწევს შეცვალოს ქვეყანა, პასუხისმგებლობა იკისროს ქვეყნის მომავლისათვის. შემდეგ სტუმარმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა სკოლის სტრუქტურასა და მართვის მოდელს, დაფინანსებასა და სწავლის საფასურს, მიღების გარემოებებსა და სკოლის შემდგომ განათლებას, სკოლის ლაბორატორიებს, ტექნიკურ აღჭურვილობას. "აიბ" სკოლის დირექტორის იმედისმომცემი დაპირება თბილისელი სომხებისთვის იყო ის, რომ შესაფერისი სკოლის შენობის ქონის შემთხვევაში, „აიბ“ საგანმანათლებლო სისტემა ხელს შეუწყობს თბილისში ეროვნული სკოლის შექმნას. |