მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდის ცერემონია |
სიახლეები |
2016 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში შესრულდა პანაშვიდის ცერემონია, რომელიც მიეძღვნა 1988 წელს ჩრდილოეთ სომხეთში მომხდარი სტიქიური უბედურების მსხვერპლთა ხსოვნას. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დავით ჭიჭინაძე, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი, თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, საქართველოს სომხური სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, საზოგადოების წარმომადგენლები. სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოსული იყო 1988 წელს საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და საქართველოდან დახმარების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი. სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდის ცერემონია. დრო აშუშებს ჭრილობებს, სომეხი კაცი კი თავისი ლოცვით ისევ ევედრება უფალს სიმშვიდეს უდანაშაულო მსხვერპლთა სულებისთვის და სანთლებს ანთებს მათი ხსოვნისათვის. გამომსვლელებმა ისაუბრეს სომხეთის ჩრდილოეთ რეგიონებში სტიქიური უბედურებით მიყენებულ ნგრევაზე, დააფასეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოხმაურება და დახმარება უბედურებაში აღმოჩენილი სომეხი ხალხისათვის. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ქრისტიან მეზობელ საქართველოს ხალხის დახმარებას, და იმას, რომ სომეხი ხალხი მადლიერებით იხსენებს გაწეულ დახმარებას. სომეხი ხალხის თავსდამტყდარ მიწისძვრას უწოდეს უფლის გამოგზავნილი განსაცდელი, გაიჟღერა მოწოდებამ ვიცხოვროთ ქრისტიანული სიყვარულითა და რწმენით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ჩატარდა მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდები და სანთლები დაენთო მათი სულების სიმშვიდისათვის. 1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთის ჩრდილოეთ რეგიონებში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სიძლიერე ეპიცენტრში შეფასებულ იქნა 10 ბალით. მიწისძვრამ მოიცვა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით 40%, სადაც ცხოვრობდა 1 მლნ. ადამიანი. დაზარალდა 21 ქალაქი და რაიონი, 342 სოფელი. უსახლკაროდ დარჩა 514 ათასი ადამიანი. სხვადასხვა ხარისხის დაშავება მიიღო 20 000-მა ადამიანმა. განადგურდა საბინაო ფონდის 17%. შეწყვიტა ფუნქციონირება 170-მა სამრეწველო საწარმომ, დიდი ზიანი მიადგა სოფლებსა და აგროსამრეწველო კომპლექსს, არქიტექტურულ, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, დაზარალდა სახალხო განათლების 917 კერა. |