2017 წლის 28 მაისი სომეხი ხალხისთვის იყო ორმაგად სადღესასწაულო: მეორე ბზობის დღე - ზეცად ამაღლებული ქრისტეს დახვედრა ანგელოზების მიერ, და პირველი სომხური რესპუბლიკის 99-ე წლისთავი. ბათუმში დღესასწაული დაიწყო „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, სადაც ადგილობრივი სომხების სულიერმა მოძღვარმა , მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია, სამღვდელოების მონაწილეობით რესპუბლიკის სახელით წირვა-ლოცვა აღევლინა.
წირვის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღეს. ცენტრის დირექტორის, სონა ჰოვანისიანის თაოსნობით, ესთეტიკური აღზრდის ჯგუფმა, პედაგოგის, მარიეტა აპეტიანის, ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით გამართა ლამაზი კონცერტი, რამაც დღე განსაკუთრებულად მხიარული და საზეიმო გახადა. ბავშვები გამოვიდნენ ლიტერატურული პროგრამით, პატრიოტული ლექსებითა და სიმღერებით, ხალხური სიმღერებით. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავდა მაისის ბრძოლებს, გამარჯვებებს და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებას. ბათუმის სომხებს მაისის დღესასწაულები მიულოცა ღონისძიებაზე მყოფმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა და უსურვა დამოუკიდებელი სამშობლო, მშვიდობიანი ცა და ქვეყნის წინსვლა. თავის გამოსვლაში მღვდელმა არარატ გუმბალიანმა დამსწრეებს მოუწოდა, რომ შემოქმედებითი მუშაობით, სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით დაიცვან და შეინარჩუნონ ყველაფერი ეროვნული, თაობები აღზარდონ პატრიოტიზმის, ერის სიყვარულის, სომხური ეკლესიისადმი ერთგულების სულისკვეთებით. აქვე დავამატებთ, რომ ორი დღის წინ, 26 მაისს, ცენტრში „სურბ მესროპ მაშტოც“ სომხური ენის სწავლების ერთდღიან სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი „ავარაირის ბრძოლის“ თემაზე. სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქალბატონმა სათენიკ დანიელიანმა დეტალურად ისაუბრა 451 წლის 26 მაისის ავარაირის ბრძოლასა და ვარდან მამიკონიანის მომხრეთა შესახებ. საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა დიდი ინტერესით და აქტიურად განიხილეს სომხეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გმირული ბრძოლა, ისტორიული მოვლენებიდან მიღებული ნათელი შთაბეჭდილებებით უპასუხეს მასწავლებლის შეკითხვებს. ღია გაკვეთილით და ავარაირის ბრძოლის გმირების მაგალითით შთაგონებულმა საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა პატივი მიაგეს სამშობლოს ყველა გმირს.
|