შეიქმნა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირი |
რამდენიმე თვის ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ა.წ. 14 ოქტომბერს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის დამფუძნებელი კრება. კრებას ესწრებოდნენ ხელოვნების დარგის სომეხი სპეციალისტები. დამსწრეები დალოცა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
"ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების სამხატვრო ხელმძღვანელმა და კრების წამყვანმა პაველ ოგანეზოვმა ხაზი გაუსვა კავშირის შექმნის აუცილებლობას, წარმოადგინა სტრუქტურის მოდელი და დაასახელა კავშირის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატის გვარი - ესაი აბოვიანისა და არტემ კირაკოზოვის. კანდიდატთა სამოქმედო გეგმების მოსმენის შემდეგ დაიწყო კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობდა 29 მუსიკოსი.
ფარული კენჭისყრით არტემ კირაკოზოვმა მიიღო 18 ხმა, ესაი აბოვიანმა კი - 11. ამგვარად, არტემ კირაკოზოვი არჩეულიქნა კავშირის თავმჯდომარედ. ეპარქიის წინამაძღვარმა მიულოცა მას და დაავალა რამდენიმე დღეში საბჭოს წევრთა და განყოფილებების ხელმძღვანელთა კანდიდატთა გვარების დასახელება. |