საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ირანულ II საერთაშორისო კონფერენციაში |
მიმდინარე წლის 27-30 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ინიციატივით (რექტორი სერგო ვარდოსანიძე), "ცივილიზაციათა დიალოგი" პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ქართულ-ირანული II საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა მართლმადიდებლობისა და ისლამის ღირებულებათა ანალიზს, საქართველოში არსებული რელიგიების მდგომარეობის განხილვას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, წინამძღვარის - ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც ხაზი გაუსვა ტოლერანტობის იმ სულისკვეთებას, რომელიც შექმნილია საქართველოში სხვადასხვა რელიგიებისათვის. კონფერენციის მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია ისტორიკოსის, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თბილისური ორგანიზაციის თავმჯდომარის ენოქ თადევოსიანის გამოსვლამ, რომელიც მიეძღვნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას. აღსანიშნავია კონფერენციის მონაწილეთა ინტერესი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ, რაც ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებული ტოლერანტობის მოწმობაა და მრავალი საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოში მრავალენოვან კულტურათა განვითარების ქვაკუთხედი. |