თბილისში გრძელდება სირიელ სომეხთა დახმარების საქველმოქმედო ღონისძიებები |
9 თებერვალს, თბილისის «ArtHaal" საკონცერტო დარბაზში, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ინიციატივითა და თბილისში მოქმედ სომხურ ორგანიზაციათა მხარდაჭერით შედგა წმინდა ვარდანანც დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი. საქველმოქმედო კონცერტის დროს მოეწყო საქართველოს სომეხ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დავთიანების ოჯახის თოჯინებისა და "ჯაზვე" ყავის აქციები.
ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა, სირელ სომეხთა დახმარების მიზნით, გადაირიცხება საბანკო ანგარიშზე. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლები, სომხური სათემო ორგანიზაციების, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ხელოვნების მოყვარულნი. საქველმოქმედო კონცერტში საპატიო სტუმრის სტატუსით გამოვიდა ერევნიდან სპეციალურად ჩამოსული ცნობილი ჯაზმენი არტო ტუნჩბოიაჯიანი - მისი მშვენიერი შესრულებით. კონცერტში გამოვიდნენ ცნობილი სოლისტები, სხვადასხვა კონკურსების მონაწილეები და ლაურეატები ანა ხანჩალიანი, ანა პოღოსოვა, ნადინ ზახარიან-ლუცენკო, რუბენ ვოსკანიანი, ჰოვანეს შაჰნაზარიანი, ნინა კარაპეტიანი, ემა პოღოსავა. "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლების „ჯეირან“, „მუშ“ (ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანი), „ანი“ (ქორეოგრაფი ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი), „ვანქ“(ქორეოგრაფი ლიანა კაშავანიძე), ნერსეს შნორჰალის სახელობის გუნდების გამოსვლები იმის ნათელი დასტურია, რომ საქართველოს სომხურ სათვისტომოში შენარჩუნებულია პატრიოტული სულისკვეთება, იზრდება სომხური ხელოვნებისადმი დიდი ინტერესი, ბევრი რამ კეთდება მისი შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ღონისძიების დასასრულს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა კურთხევისა და მადლიერების სიტყვაში ისაუბრა ვარდან მამიკონიანისა და მის თანამოაზრეთა ხსოვნის დღესასწაულის დიდ მნიშვნელობაზე, ქრისტიანობას უწოდა დიდი ძალა, რომლის მეშვეობითაც სომეხმა ხალხმა დაიცვა სამშობლო და სარწმუნოება. კონცერტის წამყვანმა და "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა კონცერტის ყველა მონაწილეს გადასცა მადლიერების წერილები. |