19 აპრილს თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ დიდ დარბაზში შედგა "არს ლუნგა“ დუეტის კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. კონცერტი ორგანიზებული იყო საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ეპარქიისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეები, მოძმე ეკლესიების სასულიერო პირები, სომხური ეკლესიის მსახურნი, თბილისის სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. დუეტი „არს ლუნგა“, შემადგენლობით არამ თალალიანი (ჩელო) და ჯულიეტა ვარდანიანი (ფორტეპიანო), ჩამოყალიბების დღიდან აქტიურადაა ჩართული სომხეთის მუსიკალურ ცხოვრებაში, მიწვევები ჰქონდა უცხოური პრესტიჟული მუსიკალური ორგანიზაციებისაგან, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში. ღონისძიება გახსნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მან დამსწრეებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთათვის. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ ჰოვანეს მანუკიანს, რომელმაც მადლობა გადაუხადა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს, რომლებმაც აღიარეს სომეხთა გენოციდი და მოუწოდა საერთაშორისო არენაზე აღნიშნული დანაშაულის აღიარებისა და დაგმობისათვის ბრძოლის გაგრძელებისაკენ. საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანის გამოსვლაც მოუწოდებდა სომეხთა გენოციდის დაგმობისათვის ბრძოლის გაგრძელებისკენ. დარბაზში შექmნილი ატმოსფერო სავსებით შეესაბამებოდა "არს ლუნგა" დუეტის სოლო კონცერტს. სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა, ვიოლონჩელისტმა არამ თალალიანმა და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილემ პიანისტმა ჯულიეტა ვარდანიანმა ოსტატურად შეასრულეს რობერტ შუმანის, სულხან ცინცაძის, კომიტასის, ტიგრან მანსურიანის, არამ ხაჩატურიანის, არნო ბაბაჯანიანის და სხვათა ნაწარმოებები. შეხვედრის დასასრულს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრეები, პატივი მიაგო გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი კონცერტები მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე ქედის მოხრაა. "24 აპრილი არის სომეხთა გამაერთიანებელი უდიდესი ფაქტორი, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა გენებით გადაეცემა მომავალ თაობებს და იქცევა სომეხი ხალხის არსებობისა და სამართლიანობის გამარჯვების გარანტად“, - დაამატა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. შემდეგ წინამძღვარმა მადლიერების სიტყვით მიმართა დუეტს „არს ლუნგა“, ხსოვნის კონცერტში მონაწილეობისთვის, აკურთხა კონცერტის ორგანიზატორები, სპონსორები და მონაწილეები. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გრძელდება სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
|