დაიწყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამა |
ამა წლის 16 ივლისს წეროვანის დასახლებაში, "ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, მუშაობა დაიწყო ოთხდღიანმა ბანაკმა. ბანაკში გატარებული დღეების განმავლობაში საქართველოს სომხებით დასახლებული რაიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული 36 ახალგაზრდა გაივლის ახალგაზრდა სათემო ლიდერთა გადამზადების კურსს. ისინი მოისმენენ ლექციებს სომეხი ხალხისა და ეკლესიის, თბილისის ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თემებზე. პროგრამის ინიციატორი საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდული განყოფილებაა, სრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გალუსტ გიულბენკიანის სახელობის ფონდის სპონსორობით. პროგრამის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, მარნეულისა და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერი მოძღვარი მღვდელი მოვსეს აშურიანი, წალკისა და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერი მოძღვარი მღვდელი მოვსეს მანუკიანი, საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი არტაკ კალაჩიანი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები. „მამაო ჩვენო“-ს ლოცვის შემდეგ პროგრამა გახსნა „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერმა მეთვალყურემ და ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელმა დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა. მან დამსწრეებს გააცნო პროგრამის მიზანი და ბანაკში ცხოვრებით მისი განხორციელების დანიშნულება. საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი მიესალმა ახალგაზრდობასა და დამსწრე საზოგადოებას, მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა პროგრამის განხორციელებას და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა იქნება უწყვეტი, რადგან მიზნად ისახავს სომხებით დასახლებულ რეგიონებში სომხური პოტენციალის კონსოლიდაციას და ადგილებზე ეროვნულობის შენარჩუნებისათვის მოღვაწეობის გამოცოცხლებას. ელჩი შეეხო ასევე სომხურ-ქართულ ურთიერთობებს, საქართველოს მრავალრიცხოვანი სათვისტომოს პოტენციალის გამოყენებას საქართველოში სომეხი ადამიანის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაღრმავების საქმეში. პროგრამის დაწყებას მიესალმნენ და ახალგაზრდებს პროდუქტიული დასვენება და სათვისტომოს ცხოვრებაში მოღვაწეობის ახალი ენერგია უსურვეს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, ეპარქიის პრესმდივანმა სუსანა ხაჩატრიანმა, იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიამა და სხვებმა. "სახალხო დამცველის როლი საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის საქმეში“ თემაზე ლექცია წაიკითხა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა, მან დეტალურად ისაუბრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე, ხაზი გაუსვა ომბუდსმენის ოფისთან მოქმედი ორი საბჭოს მოღვაწეობას, რომლებიც აერთიანებენ ეროვნული უმცირესობების 105 ორგანიზაციას და 24 რელიგიურ ორგანიზაციას. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა დასვეს მათთვის საინტერესო საკითხები. "ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამით" წეროვანის ოთდღიანი ბანაკის მუშაობა დალოცა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მან დიდად შეაფასა პროგრამის მიზანი - სომხებით დასახლებულ რეგიონებში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეების და დედა სამშობლოს და წმიდა ეჯმიაწინის კარგი შვილების აღზრდა. წინამძღვარმა პროგრამის განხორციელებისთვის მადლიერებით მიმართა ყველა მხარდამჭერს, სპონსორსა და ორგანიზატორს. ბანაკში გატარებული დღეების განმავლობაში სომეხი ახალგაზრდები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატს რუსლან პოღოსიანს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს თამარ კინწურაშვილს. გადამზადების კურსი გაგრძელდება 19 ივლისის ჩათვლით.
|