1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ლიდერთა სტამბულის სემინარში „გორიზ 2013 " PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Stambul

2013 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათშორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა მონაწილეობა მიიღო სომხური დიასპორის ახალგაზრდა ლიდერთა სემინარში „გორიზ 2013", რომელიც ჩატარდა თურქეთის ქალაქ სტამბულში. სემინარი ორგანიზებული იყო სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის (სსსკ) მიერ, ჰრანტ დინქის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით.

სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თურქეთში სომხური სათვისტომოს სტორია და არსებულ მდგომარეობას, თურქეთის სომხურ მოსახლეობას, განიხილეს როგორც პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის, ასევე მემკვიდრეობის შენარჩუნების, თანამშრომლობის საკითხები. მოეწყო შეხვედრები „აგოს“, „მარმარა“ და „ჟამანაკ“ (უძველესი სომხური გაზეთი, რომელიც გამოდის უწყვეტად) სომხური გაზეთების, „არას“ სომხური სტამბის, „ახალი რადიო“ სომხური რადიოს, „ნორ ზართონქ“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, „გეტრონაგან“ სომხური სკოლის დირექტორს.

ცალკე სესიები მიეძღვნა სომხური რელიგიური ფონდების და მათი ქონების, თურქეთ სომხური ბეჭდვითი მედიის, დასავლეთ სომხეთში სომხურ მემკვიდრეობის საკითხებს. მოეწყო შეხვედრა ფრანგ ჟურნალისტებთან, „სომხური აჩრდილი თურქეთში“ წიგნის ავტორებთან - ლორ მარშანსა და გიომ პერიესთან.

2 ნოემბერს სესიის მონაწილეები დაესწრნენ კონფერენციას „გამაჰმადიანებული სომხები თურქეთში“, რომელიც ჩატარდა ბოსფორის უნივერსიტეტში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც თურქეთის, ასევე უცხო ქვეყნების ცნობილმა თურქმა, ქურთმა, სომეხმა და სხვა ისტორიკოსებმა.

3 ნოემბერს, კვირას, სემინარის მონაწილეებმა მოინახულეს სტამბულის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალული ჰრანტ დინის საფლავი, კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქოს საკათედრო „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში დაესწრნენ წმიდა წირვას, რის შემდეგ გაეცნენ სტამბულის სომხებით დასახლებულ უბანს - ქუმქაფს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის სომხურ სათვისტომოში, საქართველოს სომხური სათვისტომოს მსგავსად, ჯერ კიდევ არსებობს მოუგვარებელი ქონებრივი საკითხები, რომლებიც, ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში იქნება გადაწყვეტილი.

 

Site1 Site4 Site5  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)