საავტორო ფილმების ჩვენება და განხილვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
27 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა სომხური საავტორო მოკლემეტრაჟიანი „ერევანი“, „ქალი“, „ბოიკოტი“ და „უვარგისი“ ფილმების პრემიერა. პრემიერას ესწრებოდნენ ფილმის სცენარისტი და რეჟისორი არშაკ ზაქარიანი, გადამღები ოპერატორი დავით ჰარუთიუნიანი და „უვარგისი“ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი გიორგი ჰოვაკიმიანი. დარბაზში ადგილები ეკავათ თბილისელი სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, სტუმრებს ერევნიდან, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს. მაყურებელმა შფოთვით უყურა ცხოვრების უარყოფითი მხარეების გამკიცხველ ფილმებს, რომელთა მთავარი იდეაა საყვარელი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა, არაშორსმჭვრეტელი საქციელით მტრის გაძლიერების ხელშეწყობა, სამშობლოს დასაცავად შვილის ჯარში გამცილებელი დედის გრძნობები და თვითმკვლელობის ზღვარზე მყოფ პიროვნებასთან სიკეთის გამოვლინება. ჩვენების შემდეგ დამსწრეებს მიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორმა არშაკ ზაქარიანმა. მან ისაუბრა გადაღების უჩვეულო გზაზე. ეს ხალხის შემოწირული სახსრებით მისი აზროვნების გამომხატველი ფილმების შექმნაა. „უვარგისი“ ფილმზე საუბრისას, ფილმის ავტორი შეეხო ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას, ბოლო წლებში მომრავლებულ თვითმკვლელობის შემთხვევებს. წარმოადგენს რა სასიკვდილოდ მომზადებული ადამიანის ემოციურ სამყაროს, რაც ასე ბუნებრივად გადმოსცა მსახიობმა გიორგი ჰოვაკიმიანმა, ფილმი მაინც ხდება სიკეთის გამარჯვების დასტური. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლისთვის სასიხარულოა, რომ ფილმის პრემიერა შედგა მის მშობლიურ ქალაქში, სადაც წლების მანძილზე თეატრის მსახიობი იყო. ფილმს მაღალი შეფასება მისცა ყველა გამომსვლელმა: სრ სოციალური დაცვისა და მონიტორინგის საკითხების ექსპერტმა ვარდან გევორქიანმა, ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა, ბიზნესმენმა სამველ აღეკიანმა, რეჟისორმა ნიკ აკოპოვმა და სხვ. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს ფილმის იდეოლოგიას - ცხოვრების ჭეშმარიტ ასახვას, ქრისტიანული სულის გამოვლინებას და სიკეთის გამარჯვებას. ერთმნიშვნელოვნად შეფასდა ფილმების მაღალი დონე და გადამღები ჯგუფის პროფესიონალიზმი. განხილვის დასასრულს კურთხევის და შეფასების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. ფილმის იდეაზე საუბრისას, წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ერის ერთიანობას და მოუწოდა ამ ერთიანობისკენ, ამ გზაზე კი ხელი უნდა შეეწყოს კულტურის განვითარებას, რათა ცხოვრება გაგრძელდეს. ფილმის გადამღებმა ჯგუფმა ისაუბრა მომავლის გეგმებზე, რომელთა შორის არის სომხეთის და საქართველოს მეგობრობისადმი მიძღვნილი ფილმის გადაღება. ფილმის სცენარი უკვე მზადაა და მალე დაიწყება გადაღებები.
|