ეკუმენური ლოცვა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში |
მიმდინარე წლის 24 იანვარს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა ქრისტიანული ერთიანობისათვის. ლოცვის დევიზი იყო: „ შეუძლებელია ქრისტეს დანაწევრება“. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ 2014 წელს იკისრა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების ლიდერთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მოწვევით ეკუმენურ ლოცვაში მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო სამმართველოს ლიდერი არქიეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ლიდერი ეპისკოპოსი ჰანს-იოიახიმ კიდერლენი, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ლიდერი ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი და სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების სამღვდელოების წარმომადგენლები და მორწმუნეთა ჯგუფები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი მისასალმებელ სიტყვაში შეეხო ეკუმენური მოძრაობის მიმართ სომეხთა ეკლესიის პოზიციას და აქტიურ მონაწილეობას ერთიან ლოცვაში, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორი ათასი წლის ისტორიის მქონე სომეხთა ეკლესია ყოველთვის ღიაა სხვა სარწმუნოებებთან ურთიერთობებისათვ ეკუმენური ლოცვის მონაწილე ეკლესიები გამოვიდნენ შეწყალების, მონანიების და გულმოწყალების ლოცვებით. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებს განსხვავებული ენა და კულტურა აქვთ, იგივე იყო ყველა ლოცვაში გაჟღერებული ქრისტიანთა ერთიანობის ლოზუნგი. ერთად ლოცვისა და ერთმანეთის მხარდაჭერის სულისკვეთება და სითბო სუფევდა თბილისის უძველეს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. ცერემონიის დასასრულს, სომხურად და ქართულად წაიკითხეს პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ (თავი პირველი, 1-17 ). ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) ოფისის ტოლერანტობის ცენტრის დირექტორი ბექა მინდიაშვილი, საქართველოში აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორტვიგ ჰენიგი, საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეი ჩიესკოვსკი, ამიერკავკასიის ქვეყნებში რომის პაპის წარმომადგენელი მარეკ სოლჩინსკი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, ელჩის მრჩეველი ლევონ თორგომიანი და სხვები.
|