საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დაიწყო სომეხთა დიდი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი |
12 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა სომეხთა დიდი გენოციდის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რუბრიკით „გენოციდის წამებულთა მემორიალი“. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით. გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის მხატვართა ნამუშევრები, ასევე ქართველ ხელოვანთა ნაწარმოებები, ვინც ხელი შეუწყო გამოფენის საორგანიზაციო სამუშაოებს. გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მეორე წელია, რაც სომეხთა დიდი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იწყება გამოფენით გენოციდის თემაზე. შემდეგ საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა დამსწრეებს აუწყა, რომ გამოფენის მონაწილე 25 მხატვარი, წარმოდგენილი 60 ნამუშევრით, აღშფოთებას გამოხატავს მსოფლიოს გულგრილობის წინააღმდეგ, და მოითხოვს სამართლიანობასა და კომპენსაციას, უდანაშაულო წინაპართა ტანჯვისა და სასტიკი წამებისათვის. საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა დამსწრეებს შეახსენა რამდენიმე დღის წინ ქესაბელი სომხების მხარდასაჭერად თბილისელი სომხების ჩატარებული საპროტესტო აქცია გაეროს წარმომადგენლობასა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსასთან. გამომსვლელმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო ქესაბის ადგილმდებარეობა, წარმოადგინა ქესაბელთა განვლილი ისტორიული გზა, რომლის დროსაც სომხებით დასახლებული ქესაბისა და მისი მიმდებარე რაიონების მოსახლეობა სამჯერ გახდა გენოციდის მსხვერპლი და აიყარა საცხოვრებელი ადგილებიდან. ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ ღონისძიებას და ქართველ მხატვართა მონაწილეობას. წინამძღვარმა მსგავს ღონისძიებებს უწოდა უდანაშაულო სომეხ წამებულთა მემორიალი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა გაიხსენა შემოქმედები, მათ მოუწოდა სომხეთისა და სომეხი ხალხის მომავლის მშენებლობას მიუძღვნან თავი, რათა ამიერიდან ვერცერთი მტერი ვერ დაემუქროს შემოქმედ სომეხ ადამიანს და არ აყაროს თავისი შექმნილი სახლ-კარიდან. გამოფენა გაგრძელდება 30 აპრილამდე.
|