გარემოს დაცვის თავისებური მოწოდება იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ესთეტიკური აღზრდის მასწავლებლის თამარ სულხანიშვილის ინიციატივით და „ჰაიარტუნ“ ცენტრის (დირექტორი: ლევონ ჩიდილიანი) და საბავშვო ხელოვნების სტუდიის (ხელმძღვანელი: თამარ სულხანიშვილი) თანამშრომლობით ორგანიზებული მეორადი მასალით დამზადებული ნაძვის ხეების გამოფენა-კონკურსი. მიზანი: იმის ჩვენება, რომ საახალწლო დღესასწაულის გალამაზება შეიძლება არა მოჭრილი ნაძვებით, არამედ მეორადი მასალით დამზადებული განუმეორებელი ნაძვის ხეებით.
გამოფენა-კონკურსი 2014 წლის 13 დეკემბერს გაიხსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები, დედაქალაქის სხვადასხვა სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და ბავშვები. ნაჩვენები იქნა ნაძვის ხეები, რომელთა დასამზადებელ მასალად და მოსართავად გამოყენებული იყო ფერადი ქაღალდი, სხვადასხვა ფერის ძაფები, მაკარონი და გაზეთები, პლასტიკატის ბოთლები და კოვზები, გირჩები და ღილები, რაც მოწმობს ბავშვის უსაზღვრო წარმოსახვასა და მშვენიერის შექმნის უნარზე.
გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი ნამუშევარი. მონაწილეობდნენ ქალაქის საჯარო სკოლების, ორი საბავშვო სტუდიისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სტუდიის აღსაზრდელები: სულ 49 მონაწილე. ნამუშევრებს აფასებდა პატივცემული ჟიური, ცნობილ მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის თავმჯდომარეობით.
ხალხმრავალ დარბაზში, მხიარული მუსიკის თანხლებით, დამთვალიერებლებმა აღფრთოვანებით და განცვიფრებით დაათვალიერეს ნაძვის ხეები, მაგასობაში კი ჟიურიმ მიიღო თავისი გადაწყვეტილება. ყველა ნამაუშევარს მაღალი შეფასება მიეცა, მაგრამ პირველი, მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, მიენიჭათ თბილისის 104-ე სკოლის მოსწავლე თელმან მხითარიანის, ჩვეულებრივი მაკარონისგან, ბავშვთა ხელოვნების სტუდიის აღსაზრდელის ნიკიტა ბეჟანოვის ჯინსისგან და „ია“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კავშირიდან თინა მამულაშვილის ქაღალდისა და გირჩებისაგან დამზადებულ ნაძვის ხეებს. ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი და საჩუქრები.
თელმან მხითარიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკას აჩუქა ნაძვის ხე, რომელმაც დაიკავა პირველი საპატიო ადგილი.
|