ძვირფასო მორწმუნენო,
გილოცავთ საახალწლო და საშობაო სანუკვარ დღესასწაულებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას, წარმატებებს საქმიანობაში, მშვიდ და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას.
საუკუნეების მანძილზე საახალწლო და საშობაო წმინდა დღესასწაულები იმედისა და რწმენის წყაროდაა ქცეული ჩვენი ხალხისათვის. ისინი ხდებიან ახალი შემოქმედებისა და ხედვების წყაროები, სტიმული, ახალი მიღწევებისა და წარმატებებისა.
გასული 2014 წელი საქართველოს სომეხ მორწმუნეთათვის იყო წარმატებებისა და აღმავლობის წელი. სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით ხსოვნის ჯვარ-ქვები განთავსდა თბილისში, ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარაში და მემორიალი - ქალაქ ნინოწმინდაში, მოეწყო ხსოვნის უამრავი ღონისძიება. საქართველოს სომხობამ დედა სამშობლოსთან ერთად აღნიშნა მაისის გამარჯვებების, დამოუკიდებლობის, სომხური დამწერლობის შექმნის დღესასწაულები, ბრწყინვალედ აღინიშნა საიათნოვას ვარდატონის 100 წლისთავი, ტრადიციულად ქცეული ტერიანული დღე, ჯივანის, ჰავასის, აღაიანის, ჰოვსეფიანის დღეები. ჩვენმა სათვისტომომ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფესტივალებსა და პროგრამებში, მომლოცველობები მოეწყო სომხეთისა და არცახის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და თბილისის სხვადასხვაგვარ პროგრამებსა და ღონისძიებებში. მიმდინარე წელს, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაფუძნდა, რომლებმაც ეფექტურად მიიღეს მონაწილეობა სათვისტომოს ცხოვრებაში. შენარჩუნებული იქნა კულტურული გარემო და საქართველოს სომეხმა მოსახლეობამ ისიამოვნა მისი დიდი წინაპრების შემოქმედებით თეატრალურ, კლასიკური მუსიკის, ხალხური სიმღერისა და ცეკვის, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებში. გაგრძელდა ეკლესიათმშენებლობა როგორც ჯავახეთში, ასევე თბილისში. და ეს ყველაფერი უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევითა და წახალისებით, ჩვენ ქველმოქმედთა გულწრფელი შემოწირულობებით, პარტნიორთა მხარდაჭერით, და რაც მთავარია, ჩვენი მორწმუნე ხალხის, სამღვდელოების, ეპარქიის თანამშრომლებისა და სათვისტომოს მოღვაწეთა თავდაუზოგავი მუშაობით.
საქართველოს სომეხთათვის დიდი სიხარული იყო დედა სამშობლოს - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის გალუსტ საჰაკიანისა და პრემიერ-მინისტრის ჰოვიკ აბრაჰამიანის ვიზიტები თბილისის სომეხთა ეკლესიასა და „ჰაიარტუნ“ ცენტრში. მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩვენი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, სადაც მაღალ დონეზე განხილულიქნა საქართველოს სომეხი მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხები. გრძელდება მეგობრული ურთიერთობები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ძვირფასო დებო და ძმებო, დამდეგ 2015 წელს, დედა სამშობლო სომხეთის, არცახის და მსოფლიოში გაფანტული სომხებისათვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. სამშობლოს მოკლებული და გენოციდგადატანილი სომეხი ხალხი უფრო კონსოლიდებული, თანმიმდევრული და პასუხისმგებელი უნდა იყოს ერისათვის მნიშვნელოვანი მიზნების, სამართლიანობის და კომპენსაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებში. გვჯერა, სომეხი ხალხის აწმყოსი და ნათელი მომავლისა. ჩვენ გვაქვს მისია მსოფლიოში და ჯერ კიდევ განუხორციელებელი მიზნები. დაე ბეთლემის წმიდა ბაგაში განხორციელებულმა უფალმა დალოცოს ქრისტეს მოყვარული და პატრიოტი ჩვენი ხალხი, მშვიდობიანად ამყოფოს სომხეთისა და საქართველოს ცა, გაათბოს სომხებსა და ქართველებს შორის არსებული ათასწლეულების მეგობრობა, გააძლიეროს სომეხთა სამოციქულო და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათა თანამშრომლობა, მორწმუნეთა სულიერი სიხარულისა და საოჯახო ბედნიერებისათვის.
ქრისტე იშვა და მოგვევლინა!
|